Monday, May 2, 2011

* * *

სიფხიზლე - უსაფრთხოების წესების უაზრო დაცვა -
გარდაცვლილთა მოდაა,
საკუთარი მე-ს გამოსვენება პოდიუმზე
და ჩუმი ტაში, ნახევრად დაცლილ დარბაზში.
სირთხილე - სიფხიზლის მონაზონია,
მარადქალწულური კონსერვაცია, სულის ბოტულიზმი,
გაკრახმალებულ ზეწარში გახვეული მუმია -
მყრალი და ჩუმი.
მატარებლები არ შემოდიან შენს სადგურში,
შორით გვერდს უვლიან
და სადღაც წყვდიადში, ისმის მათი ჩუმი კანკანი.
მე ერთადერთი საჯინიბო მაქვს დღეს ამ ქალაქში,
ვერასდიდებით ვერ შემოვუშვებ თავლაში ღორებს,
ეს სიფხიზლეა,
მე ვიცავ წესებს უსაფრთხოების.
ჩემი სიფაქიზით გულგატეხილი, შენ სხვასთან წახვალ,
რადგან მშიშარა ჯიბის ქურდი ხარ
და დაგაბრმავებს წოლა ალმასის ზღვასთან.
სიფრთხილე - შენი მუზაა, ვაჭრული ზომის,
სამლარიანი სამება, ჩაკუჭული ბიუზჰალტერში,
მაძღარი, კეთილი, უაზრო სული ხარ,
შენნაირების გამო დაემხო რომი.

ძილში ჩამესმა მკვდრების გალობა

მდინარე სტიქსის ამღვრეული ტალღები,
წმინდნს, რომ უხმობდნენ ძველ საბერძნეთში,
არ გადამივლია მე ქარონის ნავით,
სხვა გზით მოვახერხე მოხვედრა ბნელეთში.
არაფერი არ სჯობია, თურმე ქვესკნელს,
ტყუილად ოცნებობთ სამოთხის ბაღებზე.
გულს არ გიწვრილებთ ანგელოზის ქნარის ხმა,
ქარონის ნიჩბები ფრინავენ ტალღებზე.
ჩემთვის, კი ადვილია აღმოვჩნდე ნავში,
მხრები შევაცურე მე ფერად ნისლებში
და ვით ბაირონს, მივენდე სტიქიას,
ფათერაკს ავუქციე მხარი - ზვირთებნი.
ჩამოვიტოვე ბევრი ძალმოსილი,
ქარონსაც მივასწარი ქვესკნელის კართან,
არ გამჭირვებია გარემოსთან შეგუება,
ნაცნობობა გავაბი ზოგიერთ მკვდართან.
იცით, ისინი ბევრად სჯობიან ცოცხლებს,
მათ არ ეშინიათ თავად სიკვდილისა,
ბევრად სჯობია სიკვდილი სიცოცხლეს,
შემიწირეთ მეუფენო ბნელეთისა.

1979

* * *

კლდის პირს მიადგა მარტოხელა, ვიწრო ბილიკი,
ჩაბნელებული ხეივნების მყუდრო მეგზური,
და შიშველ მიწას გადაედო თოვლი ჭაღარა,
კლდეს მიყვებოდა ზეცისაკენ ხავსი ველური,
ხავსზე ბობღავდა შხამიანი, მწვანე ობობა,
ყველა სულიერს აბრუებდა მისი ნაკბენი,
კლდეზე ეყარნენ ცოცხალმკვდარნი, სასომიხდილნი,
ვისაც ბილიკის დარაჯის შხამი ჰქონდათ ნაგემი.
დიდი ხანია, კლდის პირს ვგდივარ ძალამიხდილი,
ჩემს გულმუცელში ბუდე დაუდევთ შხამიან გველებს,
დიდი ხანია, მიღალატა ორივე ფეხმა,
დიდი ხანია, ვეღარ ვგრძნობ საკუთარ ხელებს,
რომ შემძლებოდა, მეც მეცხოვრა ჩვეულებრივად,
და სულ სხვაგვარი გზების ძებნა, რომ არ მდომოდა,
არ ვეგდებოდი ახლა ასე, სასომიხდილი,
არ ამივსებდა თვალებს გესლით მწვანე ობობა,
დამწყევლოს ღმერთმა, თუნდაც მთელმა ადამის მოდგმამ,
თუ არ მერჩივნოს ასე ყოფნა სხვების ცხოვრებას,
მე ამ ობობას კლანჭებს შორის სიცოცოხლე მიჯობს,
მიწის ყოველდღიურობის კანონთა მონებას.

თეთრი წერო

ახალი წელი
თეთრი წეროა,
ჩემი ნაწნავივით,
ცრემლივით,
დაქცეული კეფაზე.
ახალი წელი,
ნაწლავები,
როგორც ძველი
მწერივით მიმხმარა კედელს...
ახალი წელია,
დაწექით,
დაწექით,
დაწექით სასწორზე მარცხნივ,
სადაც სასწაულია.

PERSONA NON GRATA

ცოლს უყვარს უხსენებელი ქმარი
NON GRATA...
ცოლს სძულს
მოუსვენარი ქმარი
და მარტი,
მაინც წავიდა,
ჩასაქრობად სხვისი ხანძრის,
ოქროსქუსლებზე შემდგარი ლილიპუტივით.

ჯაზი

ჯაზი ჩემი ცხოვრების,
ყველა ქალის ჯაზი,
ჯაზი ჩემი ცოლია,
ჩემი ცოლია ჯაზი,
ჯაზ შენი ლოდინის,
შენი ლოგინის ჯაზი,
ჯაზი შენი შორიდან,
ტელეფონის ჯაზი,
ჯაზი ჩემი ტკივილის,
მარტოობის ჯაზი.
ჯაზი შენი მონაა,
ჩემი ჯაზი.