Monday, May 2, 2011

* * *

კლდის პირს მიადგა მარტოხელა, ვიწრო ბილიკი,
ჩაბნელებული ხეივნების მყუდრო მეგზური,
და შიშველ მიწას გადაედო თოვლი ჭაღარა,
კლდეს მიყვებოდა ზეცისაკენ ხავსი ველური,
ხავსზე ბობღავდა შხამიანი, მწვანე ობობა,
ყველა სულიერს აბრუებდა მისი ნაკბენი,
კლდეზე ეყარნენ ცოცხალმკვდარნი, სასომიხდილნი,
ვისაც ბილიკის დარაჯის შხამი ჰქონდათ ნაგემი.
დიდი ხანია, კლდის პირს ვგდივარ ძალამიხდილი,
ჩემს გულმუცელში ბუდე დაუდევთ შხამიან გველებს,
დიდი ხანია, მიღალატა ორივე ფეხმა,
დიდი ხანია, ვეღარ ვგრძნობ საკუთარ ხელებს,
რომ შემძლებოდა, მეც მეცხოვრა ჩვეულებრივად,
და სულ სხვაგვარი გზების ძებნა, რომ არ მდომოდა,
არ ვეგდებოდი ახლა ასე, სასომიხდილი,
არ ამივსებდა თვალებს გესლით მწვანე ობობა,
დამწყევლოს ღმერთმა, თუნდაც მთელმა ადამის მოდგმამ,
თუ არ მერჩივნოს ასე ყოფნა სხვების ცხოვრებას,
მე ამ ობობას კლანჭებს შორის სიცოცოხლე მიჯობს,
მიწის ყოველდღიურობის კანონთა მონებას.

No comments:

Post a Comment