სიფხიზლე - უსაფრთხოების წესების უაზრო დაცვა -
გარდაცვლილთა მოდაა,
საკუთარი მე-ს გამოსვენება პოდიუმზე
და ჩუმი ტაში, ნახევრად დაცლილ დარბაზში.
სირთხილე - სიფხიზლის მონაზონია,
მარადქალწულური კონსერვაცია, სულის ბოტულიზმი,
გაკრახმალებულ ზეწარში გახვეული მუმია -
მყრალი და ჩუმი.
მატარებლები არ შემოდიან შენს სადგურში,
შორით გვერდს უვლიან
და სადღაც წყვდიადში, ისმის მათი ჩუმი კანკანი.
მე ერთადერთი საჯინიბო მაქვს დღეს ამ ქალაქში,
ვერასდიდებით ვერ შემოვუშვებ თავლაში ღორებს,
ეს სიფხიზლეა,
მე ვიცავ წესებს უსაფრთხოების.
ჩემი სიფაქიზით გულგატეხილი, შენ სხვასთან წახვალ,
რადგან მშიშარა ჯიბის ქურდი ხარ
და დაგაბრმავებს წოლა ალმასის ზღვასთან.
სიფრთხილე - შენი მუზაა, ვაჭრული ზომის,
სამლარიანი სამება, ჩაკუჭული ბიუზჰალტერში,
მაძღარი, კეთილი, უაზრო სული ხარ,
შენნაირების გამო დაემხო რომი.
თუ პოეზია მუსიკაა, მაშინ ირაკლი ჩარკვიანის – აწ უკვე მეფედ ცნობილის – სახელის წინ პოეტი იმთავითვე იგულისხმება.
მაგრამ, რახან პოეზია ტექსტიცაა და გამომცემლობა სიესტამ პოსტსაბჭოური საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკოსი ამ კუთხითაც წარმოგვიდგინა – ჩვენც ირაკლის ლექსებზე ვისაუბრებთ.
შეიძლება დღეს ბევრმა არ იცოდეს, რომ 90-იან წლებში რეაქტიული კლუბი, ერთგვარი არტ-ჯგუფი შეიქმნა. მისი წევრები სხვა იმდროინდელი ორდენ-გაერთიანებების (ქრონოფაგები, პოლილოგი) მხარდამხარ, ქართულ კულტურაში, კერძოდ კი ლიტერატურაში გამეფებული ერთი მხრივ საბჭოური და მეორე მხრივ ურაპატრიოტული ნარატივის ინერციას ებრძოდნენ. ირაკლი მისი დამფუძნებელთაგანი გახლდათ – რეაქტიულ კლუბს ასევე წარმოადგენდნენ პაატა ქურდაძე და კოტე ყუბანეიშვილი. თუ ამ არტისტების ნაწარმოებებს, თუნდაც გვიანდელს, გადავხედავთ, განსხვავდებიან – კოტეს ლექსების დიდი ნაწილი ემოციური, დეკლამაციური ხასიათისაა, ე.წ. საზრისის, დადუღებულ პოეზიას ნაკლებად შეხვდებით, რადგან ამგვარი მედიტაცია შეგნებულად უარყო – ის ტარიელ ჭანტურიას ცდების საინტერესო გამგრძელებელია. ირაკლის ნაწარმოებები კი შედარებით უფრო ფრაგმენტულია (ამ სიტყვის პოზიტიური გაგებით) ანუ მათში თითქმის ყველა ხერხია მოსინჯული – ვერლიბრი, ვერბლანი, კონვენციური ლექსი – სენტიმენტალური, სოციალური – უკიდურესად ტროპული ანაც ნეოლოგიზმებით სავსე.
პაატა ქურდაძემ ჩარკვიანის ლექსწყობას „ანარქიული სიზუსტით” გამართული დაარქვა.
გავიხსენოთ ერთი უცნაური ტექსტი, რომელიც კარგად ავლებს ზღვარს დედისადმი მიძღვნილ, „ხელისგულზეერბოკვერცხისებრ” დითირამბებს (თითო-ოროლა გამონაკლისი სამოციანების ბოლოს გაკრთა და ეროვნული მასშტაბით, გადაიფარა) და ახალ მიმართებას შორის – გემუდარები/ ნუ ხოცავ ტარაკანებს, დედა,/ დაე, იცოცხლონ” (დაე, იცოცხლონ).
ირაკლი ლირიზმის დაკარგვის შიშით არ უფრთხოდა ურბანულ ანაც ტექნოლოგიურ თემებზე წერას და თუნდაც, ერთი (ჩვენთან დამკვიდრებული) შეხედვით, არაპოეტური სიტყვების გამოყენებას – „ამერიკის მუცელში მოწყენილობაა, კომპიუტერული მოთმინება” (უსათაურო). ეს მერე უფრო მძაფრდება, სტერილურ ახალმეტყველებაში გადადის – „სრული სტალინიფიკაციაა სულის,/ აქსელერაციაა სურვილის” (გოელრო) და უცებ გვესმის – „ცები – დაფლეთილი, ძველი ქოლგები,/ აირეკლავენ ვერცხლისფერ უდაბნოს” (ჯიუტი სული).
ან სულაც უცნაური სინთეზის მცდელობა: „ტუჩებს – გამცვდარი საბურავების,/ ღრძილებს – დატეხილ წითელ აგურებს,/ ფოლადის კისერს, ბნელ სახურავზე/ მთვარე ჰკიდია ოქროს საყურედ” (მკვდარი სადგური).
ირაკლის ლექსებში ტრაგიზმი და ცინიზმი ერთმანეთში ირევა, თუ დააკვირდებით, მისი მუსიკალური ხაზის ერთ-ერთი განმსაზღვრელიც ეს მომენტია და ტექსტებშიც იმავე გზას ადგას. აი, თუნდაც ირიბი მაგალითი – ეს ფუტურისტული იავნანა ირონიული ფინალით, რომელიც თითქოს საკუთარ თავს უმღერა:
"ტაბულა" 2011