მეფე ირაკლის ლექსები



ავტოპორტრეტი

მე ვდგავარ დიდი, როგორც ხეოფსი
არ ველოდები არაფერს.
მსახური ცათა, პრომეთეოსი,
ვინც მოუტანა ცეცხლი ქალაქებს.

მე ვესალმები მძინარე მთვარეს,
ვემშვიდობები ცისფერ განთიადს,
უმძიმეს ლოდებს ცისკენ მივათრევ,
როგორც სიზიფმა ძველად ათრია.

ლოდებს აბსურდის, უმიზნოების,
მხრით ვეზიდები მომავლისაკენ,
გამოცდილებას ყველა დროების,
მე მივაგორებ მრგვალი მზისაკენ.

შემდეგ, კი ისევ ვბრუნდები უკან,
ისევ მიყვარხართ, ისევ ვკამათობ,
დროვ მოგონილო, დამნებდი, ნუ მკლავ,
ეჰ, ჩემო ღვინო, შენც აღარ მათრობ.

სილამაზეში ვერ ვხედავ შვებას
და არ მამშვიდებს ტახტი მეფური,
არც წამებულის მაღელვებს ვნება,
არც გულისცემა მოდუნებული.

როდესაც წვიმა წამოვა ციდან,
როდესაც მეხი ანგრევს დარაბებს,
როდესაც ცაში, თვით ღმერთი გმინავს,
მაშინ ოცნება თვალებს გაახელს.

და მაშნ ვიგრძნობ მე აღმაფრენას,
ბოლო სტრიქონს რომ დავუსვამ წერტილს,
მხოლოდ იმ წუთას ვადიდებ ზენას,
და ჩემს უმანკო ქმნილებას ვეტრფი.

მე ვდგავარ დიდი, როგორც ხეოფსი,
არ ველოდები არაფერს,
ხალხის მსახური პრომეთეოსი,
ვინც მოუტანა ცეცხლი ქალაქებს.





როცა მე წავალ

ქარვისფერ ყანათა ღელვა დარჩება
მეწამულ მზის წვა, მდუმარება,
ფრთამოტეხილი მერცხლის საშველად,
მე მარტო წავალ!
გაკურთხოთ ღმერთმა და დამივიწყეთ,
დაე სხვა გემები მორეკოს წყალმა,
გემუდარებით იცინეთ, იცინეთ,
როცა მე წავალ!



სულ ახალგაზრდათ

ქრონოლოგია გარდასულ წელთა,
საუკუნეთა მაცივარშია.
მოგონებები ჭერიდან წვეთავს,
მხოლოდ სიმართლე გვწყურია, გვშია.

მზე უკვე ადნობს ყინულის კლდეებს,
და ქარიშხალი გვაწყურებს ავდარს,
თანმიმდევრობა მოვტაცოთ დღეებს,
სანამ სხვებივით დავკარგავთ მადას.

კვლავ დავიბრუნოთ ზღვები და მთები,
ეს ჩვენი დროა,ოქროს წუთები,
საუკუნეთა გავბზაროთ თხემი,
თორემ აწმყოში დავიხუთებით.

ვისაც არ ესმის ჩვენი სამღერა
და ვინც ვერ ზომავს ჟამთ აისბერგებს.
დაე,მოწრუპონ ის მჟავე წლები,
ხალხში რომ ქვია _ ტკბილი სიბერე.

დრო

რეაქტიული მარტოობა,
დაძაბული,
გამოუთქმელი შიში შეხების,
საგნებთან,
საყვარელთან,
გაქრა.
რომანტიული ბილიკის,
რითმის ბოლოა,
შელამაზების,
ვაზისყურა ქალიშვილების
ირმისთვალური სევდა
გაქრა.
სოც-რომანტიზმის
ცისფერთვალება ლმობიერება
გაქრა.
ვარდს გაეფურჩქნა
ატომური სოკო,
რკინაბეტონის ჯუნგლებში
დაკაცდა მაუგლი,
პარაბელუმით ხელში.
დადგა დრო,
გამოთხოვებისა ტყესთან,
დრო უბრალო, მართალ ფერთა ხელჩაკიდების,
დრო წითლად ხატვის,
წითელ ქაღალდზე,
მაშინებელი,
დაუნდობელი,
როგორც ყოველი მართალი,
დრო.


დ ა ე, ი ც ო ც ხ ლ ო ნ . . .


გემუდარები,
ნუ ხოცავ ტარაკნებს, დედა,
დაე, იცოცხლონ.
ხომ იცი, როგორ უყვართ გათბობის მილები,
იქნებ ერთმანეთიც უყვართ?
მათ გაზურაზე უწევთ ცხოვრება,
ჩვენ დედამიწაზე,
მერე რა?
ერთიმეორისგან ვერ გაარჩევ,
სახელებიც არ ჰქვიათ,
როგორ ახარებთ სითბო და ტკბილი ჯემი,
რა მათი ბრალია, რომ არ იციან თავიანთი არსებობის შესახებ,
პლანეტებმაც ხომ არ იციან შერქმეული სახელები,
მაგრამ ბრუნავენ უმიზნოდ,
სივრცეში.
გემუდარები,
ნუ ხოცავ ტარაკნებს, დედა,
დაე, იცოცხლონ.


დღე


დილით არა გვაქვს პური...
გინდა რომ მზე ამოვიდეს...
გაყინული ხელებით კიდიხარ
ტროლებუსის ყურებს
და მიგორავ...
საცურაო აუზთან ისევ ბენზინს
ყიდიან.
ცირკთან ლილიპუტები
თათბირობენ.
ჩელუსკინელების ხიდზე
ხალხმრავლობაა
თეატრის კარი დაკეტილია და
კონცერტი გადაიდო.
გზაში ნაცნობი შეხვდება და მოგესალმება,
შენ კი სახლში კატა გელოდება,
რომელსაც შია.

ჯიმ მორისონს

ტანი ტამტამი,
დაწყვეტილი ჩემი გიტარა,
ხორცის ატამი,
გახლეჩილი როგორც სიმართლე,
მარადისობამ,
უდაბნოდან ჩამოიტანა,
მწვანე კანაფის,
იდუმალი ლურჯი სინათლე.


რა კარგია

რა კარგია რომ ბარათაშვილი ხიდია და ჭავჭავაძე
პროსპექტი.
რა კარგია რომ რუსთაველი მეტროა და წერეთელი გამზირი.
რა კარგია რომ ვაჟა-ფშაველა გრძელია და ნიკოლაძე მოკლე.
რა კარგია რომ კომკავშირი ხეივანია და სტალინი სანაპირო.
რა კარგია რომ ყაზბეგი კინოა და გურამიშვილი ქანდაკება.
რა კარგია რომ მელიქიშვილი ქუჩაა და ნუცუბიძე პლატო.
რა კარგია რომ ირაკლი ჩარკვიანია და კოტე ყუბანეიშვილი.


მაიმუნები ვართ



ამ შემოდგომას მოსდევს თეთრი ტანკი,
ამ ფოთოლცვენას არ ჰგავს შენი ხმა,
შენ მოგწონს ჩემი ჩუმი ლაპარაკი
და ისევ ლურჯად შეიღებე თმა.
მე მახსოვს ჩვენი გრძელ სკამზე ჯდომა
და ის რომ ერთად ვაბოლებდით პლანს,
შენ მიხვდი რომ ჩვენ ვერ მოვიგეთ ომი
და მაინც ბრძოლას ვერ ვანებებთ თავს.
მე მჯერა შენი ძუძუების ზომის
და ვიცი, როგორ გავუსწორო მათ,
შენ თვლი, რომ სექსი მიზეზია ომის
და მოგწონს ის, რომ მაიმუნები ვართ,
მაიმუნები ვართ...
მე ჩემო დედა მეტად მესმის შენი,
და ვიცი, როგორ შეიცვალა დრო,
დღეს დაიხურა სიყვარულის სკოლა
და დაკლეს ჩვენი ერთად ყოფნის ხბო.
მე ვნახე შოთა როგორ იჯდა ქვაზე
და თამარ მეფეს ვერ უწევდა მკლავს,
ჩვენ, ყველა ერთად, ვერ მოვსულვართ აზრზე,
რომ სიყვარული ანარქიას ჰგავს.
მე მჯერა შენი ძუძუების ზომის
და ვიცი, როგორ მოვეფერო მათ,
შენ თვლი, რომ სექსი მიზეზია ომის
და მოგწონს ის, რომ მაიმუნები ვართ,
მაიმუნები ვართ...


P.S 
თოვლიან ქართა დევნით დაღლილი,
გადაუქროლებს ჩემს ქანდაკებას მერცხალთა
გუნდი,
მე ისევ მოვალ,
მხოლოდ არავის არ გაუმხილო,
რომ მე დავბრუნდი. 


არა 
 არა, არ ღირან ეპოქები, რომ მათთან დარჩე
და ან დაარქვა გარდასულ სივრცეს შენი სახელი,
ერთი, მოკვდავის სევდა, უფრო სრულია,  ვიდრე
სამყარო,
შენც ხომ პატარა ყვავილი გერჩივნა, ქარიან
სატურნს,
მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ. აი ჩვენი
ხვედრი.
მერე სიჩუმე.


* * * 
ეძღვნება მათ, ვინც ხიდამდე მიაღწია

წარწერა  ფილმზე
"სამი ნაბიჯი უფსკრულში"
მთვარე ვერ გასცდა რუბიკონს,
ჰანიბალს თავი დაუკრა,
რომაელ ლეგიონების
კარავზე სხივი აუცვდა.
თავქვე წაიღო სიმძიმემ,
დაგორდა დედამიწისკენ,
თანდათან დაპატარავდა,
თავი დახარა მიწისკენ.
თეთრ ბურთად გადაქცეული,
თეთრკაბიანთან მიგორდა,
პატარა ბავშვის თვალები,
ათინათებად მიკრთოდა.
ჩატეხილ ხიდთან გოგონამ,
მთვარის ალერსში გართულმა,
მარტოობისგან გვემული
იხმო  მესამე ნაპირთან.
მთვარე მიწაზე დაუშვა,
თავს მოეფარა დაგდებულს,
და თვალი ავლი სისხლისგან
თოკზე წითელ კვალს გავლებულს.
არ დაივიწყოთ სატანა,
ბავშვის  თვალებში  ნახული,
იცოდეთ,რომ რუბიკონი
არ არის  გადალახული.
1980


თბილისი 
მთვრალო თუშებო,ცაო პირქუშო,
კოშკებო! წარსულის სიზმრად იქეცით,
რა დამრჩენია სახლს მივაშურო,
მომწყინდა თქვენთან, ვეღარ გიცქერით.

ჭაღარა ძმაო - ალაზნის ტალღავ,
შენც ხომ გაურბი მწვანე ნაპირებს,
შენც მიუყვები დინებას დაბლა,
და გადაქცევას ლურჯ ზღვად აპირებ.

მტვრიან პროსპექტად იქცევა ბალახი,
ცხვრის ფარა - დაბნეულ გამვლელთა ჯოგად,
მე მომენატრა ჩემი ქალაქი,
ეი,ქუჩებო,გამარჯობა!


გუშინ ღამე 

ალბათ არ იცი,რომ გუშინ ღამე გელოდი,
მარტო ვიჯექი,ჩემს ძველ ოთახში,ვწერდი,
ლოთი კაცები მრავალჟამიერს ჩუმად
მღეროდნენ,
ხომ იცი,სულ ქეიფობენ აქვე,ჩემს გვერდით.

მე შენ გელოდი,ჩემი ბავშვობის აჩრდილთან 
ერთად,
ის თურმე ჩემთან შეხვედრას ნატრობს,
შეხვედრა უნდა მძიმე ცხოვრების,უმწეო
გერთან,
რომელიც თავის უმწეო საქმით,თავს ვეღარ
ართობს.

და იმ აჩრდილმა, მომაგონა მე შენი თავი -
პირველი კოცნა
წმინდა გიორგის ხატი და - შენი ლოცვა,
ნუთუ არ გახსოვს,ჭაღარა კაცი ეკლესიასთან
კაპიკებს მთხოვდა,

ის მარტო იდგა ნაცრისფერ ჯვართან,
გარშემო თოვდა.
მაშინ ბარდნიდა მძიმე ფანტელი უღმერთო
ციდან,
მე არ მიყვარდი და შენ უნთებდი სანთელს 
უსულო წმინდანს,
ალბათ შენთანაც ბავშვობა მოვა,
შენთანაც მოვა შენი აჩრდილი,
და დაობებულ გეძნობათა გროვას
ციდან მოგიტანს ნიავი გრილი.

შენც ხომ დაუთმობ ერთ ღამეს გრძმობებს,
დაუთმობ წარსულს,დაუთმობ სევდას,
ისევ მოიხმობ განცდათა ღამეს,
რომლებიც მთელი ბავშვობა გსდევდა.

შენც ჩემ უცნაურ ნაკვთებს აღიდგენ,
მეხსიერებას დაძლევ და მნახავ,
იმ თოვლიან დგეს,იქ ორნი იდგნენ,
დიდ ქვის ტაძართან მე დამინახავ.

მერე ნიავი შენს მოხუვ აჩრდილს
ცაში წაიღებს,
ღამე გაქრება,შენ არაფერი არ გაგონდება,
და იმ დილასაც,როგორც ყოველთვის
გადავიქცევი ძველ მოგონებად.

ალბათ არ იცი,რომ გუშინ ღამე გელოდი,
მარტო ვიჯექი,ჩემს ძველ ოთახში,
ლოთი კაცები მრაცალჟამიერს ჩუმად მღეროდნენ,
ხომ იცი,სულ ქეიფობენ აქვე,ჩემს გვერდით.



* * * 
სულო,განდევნე ეს მღელვარება,
მას ემალება მზის ელვარება,
ვის ევალება ცხოვრება ჩვენი
სამარადისოდ რომ გაანათოს.

ნუთუ ცხოვრება მხოლოდ ოცნების
და სინანულის მწარე ფონია,
რთულ ჰარმონიად,ეს აგონია,
ღმერთმა მიბოძა ასე მგონია.

და უცებ გაქრა ეს მღელვარება,
გრიგალთა გუნდი ცას მოესია,
ზეცამ დასჭექა და ელვარებამ
მამცნო სიწმინდე და პოეზია.

ო,პოეზია,მხოლოდ შენა ხარ,
მხოლოდ შენა ხარ დროის მფლობელი,
და ამ უფლის გზას მხოლოდ ჩვენ გავალთ,
მარად დავრჩებით შეუცნობელნი!



უძილობა 

კვლავ უძილობამ გუშინ ღამით მომისამძიმრა,
ჭექა-ქუხილით,დასეტყვილი ქუჩების სუნით,
ბეჭჩამოტეხილ,მერცხალთა ბუდეს ჰგავდა 
მთაწმინდა,
ბალიშზე იდო შავი ბიბლია და თეთრი პური.
 


მოგიტან წყალს

ისეთი სახლი მინდა გაჩუქო,
შენ რომ იცხოვრებ,
ისეთი სიტყვა მინდა დავწერო,
შენ რომ გაიგებ,
ისეთი შუქი მინდა აგინთო,
შენ რომ გაგათბოს,
ისეთი წყალი მინდა გწყუროდეს,
მე რომ მოგიტან,მე მოგიტან წყალს,
შენ იცხოვრე ჩემთან,
მე მოგიტან წყალს.



შავი ფერი

შავი ფერი შევიფერე, მოვიარე მთა-მთა,
ყაყაჩოთი ამოვავსე ჩემი ძველი ჩანთა,
მოვადუღე, გავიკეთე, შემეცვალა ფერი,
სიგარეტი ვერ ვიშოვე ვეღარც-ერთი ღერი.
იმედი მაქვს გაზაფხული კიდევ ერთხელ მოვა,
დავიღალე, ვერ ვიძინებ, აღარ მინდა გლოვა,
აღარ მჯერა გამარჯვების, ვერ ვიწამე ბუდა,
ცა ქალამნად დავიხურე, დედამიწა ქუდაღ!
დავინახე შენი სახე, მომერია სევდა,
სიყვარულის მთვრალი მახე წელზე ხელებს მხვევდა,
მოვერიდე, გავიქეცი, შველა ვთხოვე ალაჰს,
მოსახვევში წავიქეცი, მოვეჭიდე ბალახს.
მოვუკიდე,გავაბოლე,დამავიყდა დარდი,
მზეზე ფრთები დავიწვი და წყალში გადავარდი.
ჩემი ცუდი საქციელი,არარაფერს არ ჰგავს,
ვინც ახლა არ გაიღვიძებს,
ის სამშობლოს კარგავს.





ერთი კოცნა
ისევ დაბრუნდება ჩვენი გაზაფხული,
ისევ გამოჩნდება გზა;
ისევ გაანათებს სითბო არნახული,
ისევ გალურჯდება ზღვა.
სანამ მე ვცოცხლობ,
სანამ მე ვსუნთქავ,
სანამ მე ვგრძნობ.
სანამ მე მიყვარს,
სანამ მე მახსოვს,
სანამ მე გცნობ.
მე მინდა შენი კოცნა,
ერთი კოცნა.




საქართველო

მოვიდა დრო,რომ კიდევ ერთხელ მოერიო თავს,
მე გაძლევ ფიცს,რომ სიყვარული კინოს აღარ გავს.
ვიცი, ყოველთვის და ყველგან ვატარებდი ცდებს,
მე მოგცემ ძალას მოერიო დაჟანგებულ ფრთებს.
ხომ ხედავ, შენი გაბზარული გული ჩემით ცემს,
შენ იცი სიყვარული,აზრი აღარა აქვთ წლებს.
მითხარი, რომ ეს განცდა ანარქიას აღარ გავს,
მე აღარ წავალ, ისევ მოგაბეზრებ თავს.
მე ძველ ფოტოებს ჩემი ქურის ცეცხლზე ვწვავ,
მე შენი მთების გარდა აღარაფრის აღარ მწამს,
ამდენი ხანი ვამბობ, რასაც არ ანდობენ სხვას,
მე უკვე აქ ვარ აღარ გადმოვცურავ ზღვას,
მე აღარ გადმოვცურევ ზღვას!
ჩვენ განშორებას,როგორც სიკვდილს გული ვერ იტევს,
და ტელეანძა როგორც ჯვარი საფლავს დაადგეს.
დრო იტყვის ყველაფერს,რასაც ვერ მოვასწრებ რომ ვთქვა,
თქვენ იზამთ ყელაფერს,რასაც ვერ მოვასწრებ,რომ ვქნა!
და ჩემგან დარჩენილ,დაფლეთილ ათას ტომს,
ბავშვები ნახავენ, თუ ოდესმე მოვიგებთ ომს,
ჩვენ მოვიგებთ ომს!

აქ ხარ

ვიცი ისეც უსწრებ დროს,
მოხვედი, მ აგრამ მე ვერ გხედავ,
ამ სიმღერით თუ გაგათბობ,
შენ კი კვლავ დამავიწყებ სევდას,
შენ აქ ხარ, შენ აქ ხარ,
შენ აქ ხარ, ჩემთან.
ეს ხალხი ძველ სიმღერებს მთხოვს,
მე კი ჯიუტად ვმღერი ახალს,
მე მხოლოდ შენ სიყვარულს ვგრძნობ,
ყველაზე ღვთაებრივს და მართალს.
შენ აქ ხარ, შენ აქ ხარ, 
შენ აქ ხარ ჩემთან,


* * * 

მე უფრო მეტი ყვავილი მოგიწყვიტე,
ათასი სიტყვით,სახით დაგამძიმე,
ხომ ვერ მოვპარავ საკუთარ თავს იმას,რაც ვარ.
შენ დაგავიწყდა,რომ შტორმს,შტილი მოჰყვება.
და შენი ნავი მალე მშვიდად იცურებს,სულ სხვაში.
საშიში ის არის,ვინც იმდენ ყვავილს ვერ მოწყვიტავს,
რამდენიც უნდა,
ვინც საკუთარი შიშის ტუსაღია
და სხვის თვალებში,როგორც სარკეში იჭყიტება,
ივარცხნის თმას,
შეშინებულმა,შენი ქოხი სხვაგან გადადგი,
იქ მხოლოდ სურნელიღაა დაღლილი შტორმის,
გეგონა დაანგრევდა შენს სახლს მოლხენა,და სიყვარული
შტორმს ხომ გითხარი,შტილა მოჰყვება
და ჩემი გემი დაცურავს ახლა სულ სხვაში,
მე უფრო მეტი ყვავილი მოგოწყვიტე,ვიდრე გეგონა.


* * * 
ნასახლარები ჩემი წარსულის,წალეკა წყალმა.,
მიწას დაემხო აშენებული ოცი სართული,
ვიცი გიყვარვარ და აღარ მინდა შენი წვალება,
ჯერ არ დაიხა ჩემი სულის ძველი საფულე,
კვლავ ამოვხედავ შენს აივანს კუთხესთან 
მდგომი,
ოცი წლის გავხდი და შენს ფანჯრის წინ
დაემხო რომი.


* * *  
დროთა უტყუარ სიბრძნეში ვიშვი,
როგორც კენტავრი ღმერთის საშოდან,
გარყვნილების და გაქრობის შიშში
გავჩნდი,ეპოქის წარმოსაშობად.


მეცხრამეტე

დღეს მეცხრამეტე თოვლია 
და მეცხრამეტე ლექსი,
ჩემი წარსულის ტოლი ვარ,
გავდგი ცხრამეტი ფესვი.
სტუმრები ჩემი მხოლოდ წლებია,
დღესასწაული ცხრამეტი ლანდის
და ავსებს გვერდებს ჩუმს და სევდიანს
ეს უსასრულო,ცხრამეტი დარდი.


მჯერა  

ისევ მარტო დავრჩი,
შენზე ფიქრით ვირთობ თავს,
მე ჩემ ოთახში ვზივარ,
რომელიც ციხის საკანს გავს.
მე ვიცი,რომ შენ მოხვალ,
ვიცი არ დაუთმობ მტერს,
შენ ქანდაკებს ჩემსას 
ყოველთვის გადაწმინდავ მტვერს,
მე მჯერა,შენი ნდობის,
მჯერა,რომ შენ მოხვალ დღეს.
და ცივ ლოგინში მომცემ
სიყვრულით დაღლილ ხელს.

  
პოეტს
/გ.ტაბიძის ხსოვნას/
უძილო ფურცელს მან მისი აზრი,
დაღად დაასვა ვით თავის მონას.
დაღად დაასვა გრძნობები ნაზი,
რომელიც შექმნა და მოიგონა.
და იმ ოცნებით შექმნილ მხარეში,
სადაც სულები არსებობს მხოლოდ,
სადაც ღმერთების უკვდავ თარეშს 
და ხელოვნებას არ ააქვს ბოლო,
იქით წაიღეს იგი ქარებმა,
მხოლოდ მათ ენდო იგი ვნებული,
მხოლოდ იმ ქვეყნად დაიფარება
ოცნება მისი,დამონებული.
მუხლმოდრეკილი,
გარშემორტყმული ჩვენი ცოდვებით
ჩვენგან წასული,ის ჩვენზე ფიქრობს
და ვეცოდებით.
ალბათ კვლავ მარტო,
ალბათ კვლავ ნატრობს,
ალბათ კვლავ ქმნის...
დღეს ხომ დილიდან ქარიშხალია,
ქარი ქრის,ქარი ქრის,ქარი ქრის.
3 მაისი 1978 წელი


მიქელანჯელო ანტონიონის   

ვიღაცა გადმოხტა,
ქვევით მიჰქონდა სხეული ქარებს,
მოხუცი კაცი კითხულობდა__ ნეტავ რა მოხდა?
ქალაქი სდუმდა,
მხოლოდ მილების ფშვენა აღმოხდათ
და შავი ბოლი გაატარეს.  


ჩუმად
ჩუმად გარდავისახოთ საგნებში,
შევიცნოთ მათი მდუმარება
და ანარელთა სავდა სარკეში.
გაწვრთნილ  აფთართა  დავეუფლოთ
თვინიერებას,
საცირკო ცხენის უნაგირზე ვისწვლოთ თვლემა,
მიწის ქვეშეთის წყაროებივით ჩუმად შეხვედრა
და ვიჩურჩულოთ,
როგორც ბალახმა და ფოთოლცვენამ.


ცოლს 

ორი ხე,
ერთიმეორეზე უფრო შიშველი,
ორი სიკვდილი,
დაღლილმა მიწამ იშვილა,
გაჩნა მესამე,
ალბათ იმ ორის საშველად 
და ერთს შესწირა 
სული თვისი სავსე სიმშვიდით.
ზამთარია
და ყოველ მათგანს ცალ-ცალკე ათოვს,
ორნიღა დგანან გაშიშვლებულნი,
ორივე მარტო.


ქარი 
 ბილისის ვერცხლისფერ მტვერში,
ბურთივით დაგორავს ქარი,
უსმენენ ქალები გერშვინს,
მეც მინდა ვიყო ქალი.
ცები--დაფლეთილი,ძველი ქოლგები,
აირეკლავენ ვერცხლისფერ უდაბოს,
ჯვარცმულ წმინდნთა წინმორბედის
მიხმობს ყვირილის ხმა  უზოუკვლო.
მე კვლავ ვარსებობ!ანგელოზებით
გაწბილებული,
ჯიუტი ბავშვის სული - ჯოხით ნაცემი.
კედელთა  ტუსაღი,ისევ  ლექსებს  ვწერ,
უწინდებურად.
ავადმყოფური,ქალური ჟინით და გატაცებით.
"ხორცი"
კენწეროებით მთვარეს სწვდებიან,
ფესვებით სწოვენ სისხლს დედამიწას,
და ათრთოლებენ აზრებს სევდიანს,
ვინც სიკვდილისგან მარადჟამს მიცავს.

მათი ტანებით იგება სახლი,
ჩემი ოთახი მათი ხორცია,
მათ მაგიდასთან იყრება ხალხი,
რიდით ითხოვენ მორიგ პორციას.

უსაყვედურებ ცებს,მხოლოდ მისთვის,
რომ შექმნეს ხორცი ადამიანთა,
უტკივარია წამება ხისთვის
და მსუბუქია ყველა იარა.

და ნეტავ ჩვენი პლანეტა ,
იყოს ნახატი მთვრალი ესთეტის,
რომ ვერ აჩეხოს ხორცი დანებმა,
რომ არსებობდეს მხოლოდ ლექსები.

რომ არსებობდეს სისწორე კაცთა,
ჯარი ხისფერი მანეკენების,
ტანი-უწყინარ,მძინარე ნაძვთა,
მათი წიწვები,ნაცვლად ენების.

მაშინ ღვთიური,ის პასტორალი,
უფრო მიაღწევს ცათა სისრულეს
და შექმნის ფუნჯით ესთეტი მთვრალი,
უსულო კაცთა უაზრო სულებს. 


კოცნა 

ძუნწო მეფეო სიღრმეთა მიწის,
მწყემსო კაცთა და იმპერატორთა,
ორსულ მარცვალთა საშოთა სიცხეს,
მოკვდავი ხორცის აქცევ  საწოლად.
ზღვის ფსკერზე ვეშაპთა მძინარე  ჩონჩხებს,
გადაავიწყდა შიში და მოცდა,
უდროოდ ჩაძირულ,დიდებულ გემებს,
ლოკოკინათა მიეკრო კოცნა.


ივლისი 
 ივლისი ხვნეშოდა; ორთქლისფრად,ურცხად,
ქარვის ალებში დნებოდა თბილისი,
დაღლილს ალერსით,ქალს მაგონებდა,
ჩემი ქალაქი ძილის წინ.


გაგოდარება  

ნუთუ შენია,რასაც განიცდი?
ტერიტორია არ გაგაჩნია,
შენ ხარ ვინც ამჩნევს
და უნდა მიხვდე,
თუ სად იწყება ის,
რაც დასრულდა.
ბედნიერება აღარ გეკუთვნის,
რადგან არ იმჩნევ უბედურებას.
გული ნუ გწყდება,
დეკორაციებს ყოველდღე ცვლიან,
მოდის უზნეო დასაწყისი,
სიზმრებით სავსე
და არ ნახული
სისასტიკით გიმასპინძლდება.
წარმოდგენაში მირბიხარ,
რომელიც უშენოდ დადგეს,
ნახავ ყველაფერს,
რაც დაგავიწყდა,
კვლავ შეიყვარებ
კომუნიკაციას ანარეკლთან,
მოგზაურობის ვიტრინაში,რეკლამას
-მომავალი თვითმკვლელობით გაზავებულს,
საყვარელს,
რომელიც მიგატოვებს,
ისევ წაგიღებს საძულვილი
თავისუფლების,
და შეშლილ კოსმოსს
გადაუფრენ,როგორც კომეტა.
თითქოს უყვარხართ,
როცა იწყებენ ლაპარაკს,
რადგან ივნისში მარტოა მთვარე,
პლასმასის ჭაღივით კიდია ჭერზე
ყვითელი ტილო,დღევანდელობის.
უნდა ისწავლო
პურის დაგდება,
როცა დაძღები
ცოდნით და ხორცით.
შეშლილ ველასკესს
ნურაფერს ეტყი მილიტარიზმზე,
ჩვენთან წამოდი,
საყოველთაო არჩევნებზე სიამოვნების.
ისევ სიზმარი დაგაძალეს
მარადიული კატასტროფის
მოლოდინში,
სირცხვილის ზღვარზე,
როცა არ იცი,სად მთავრდება
შენი ლოგინი.
პატიოსნების დაკარგვის სიტკბო,
იქ თვრამეტ წლამდე კვლავ ირძალება
სმენა ხორცის და კითხვა მარქსის,
მასათა ღელვა უკუდინების შემთხვევაში,
პროპორციულია სისხლის,
რადგან ფილმში ხარ
და არ გიღებენ კარს.
უარს ნუ იტყვი
საკუთარ ქმარზე,
თუ არ მოგწყინდა,
გარდაუვალი კვირის ბოლოს,
უკანასკნელი ქალაქგარეთ გასეირნება.
კულტურულია შიში რევოლუციის,
მავზოლეუმის დერეფანში,
როცა მშვიდობის გამზირზე 
ცხოვრობ--
აღარ არსებობ.
მაოს ყვითელი ამაოებით,
დაგყურებს რუქა,
როგორც სარკმელი,
მაიაკოვსკიმ რომ გამოაღო.
და ერთი დუბლიც:
ჩინელი ქალი გაგიღებს კარებს,
შენ კი წაყვები,
როგორც კადრებს
მომავალ ფილმში,
სოციალიზმის განტოლების
ამოსახსნელად.
თავისუფლებამ
სხლერპლის ფასად
აზრი დაკარგა,
ნუ გეშინია,მარტო ყოფნის,
მაინც სხვების ხარ,
 და აღარ იმჩნევ,
როგორ მოგწყინდა განცდა,
შეშინებული მარტორქასავით,
უკანასკნელ ამოსუნთქვამდე,
ანელებ სიკვდილს,
რომლის ლოდინში,
კიდევ ერთხელ გაგეღვიძება.
ომის-ღარიბებს სწამთ,
გამარჯვების უცხო სხეულზე,
ისევ ყველაფრის უფლება გაქვს,
როგორც ფილმში,
რომელსაც პირველად უყურებ.
გვამთა სიმრავლე -
უაზრო სიხარულს ბადებს 
საფოსტო ყუთში,
შენი სამოთხის.
ატალახებულ სოფლის გზაზე,
რომ მიატოვე და გაემგზავრე
მოსალოცი ბარათების შესაგროვებლად.
შენ აღარ იბრძვი,
მხოლოდ უყურებ,
როგორ ინგრევა შენი სახლი
ყოველდღიურად,
რადგან მსხერპლი ხარ,
მარადიული სისულელის
საკურთხეველთან.
კვლავ გაურბიხარ
იმას,რაც მოგდევს
და ვერ გეწევა.
ჩამქრალ დარბაზში,
როგორც საკუთარ თავში
ზიხარ და უხმოდ 
ელოდები გაგოდარებას.


დრო _II

დრო.
დო_რე,
რე_დო,
დმ_ტა,
დმ_ტა,
დგდნ,დგდნ,
ტა,
დგდნ,დგდნ.
დმ,
დმ,
დმ_ტა,
დმ,
დმ_ტა
დმ
ხო,
დგდნ,დგდნ,
დრო.


სირცხვილი 

ქარვის ფურცელი,
არ ინდობდა სიზმრიან სიცხეს,
დაღლილი მთვარე
ეტყობოდა დღეთა სიბერეს,
მათხოვარივით დარჩენილი,
ვარსკვლავებს გარეთ,
ღონემიხდილი და ბედნიერი
 იწვა სირცხვილი .


წერილი პლატონს
ყველა პოეტი მატყუარაა_ პლატონი
სიტყა რომელიც არაფერს არ ჰგავს
ყველაფერს ამბობს.
ჭეშმარიტება შენ ხარ თვითონ,
როდესაც ითმენ და ელოდები.
იზრდება საფრთხე,
იწყება სიცხე შავ აისბერგზე,
რომელიც მძიმედ,
მიაპობს ყინულს და იძირება.


რჩევა პოეტს  

ისე უნდა გახურდე, რომ გადაიწვა,
ისე უნდა გაანათო,რომ დაბნელდეს,
ისე უნდა იცხოვრო,რომ მოგკლან,
ისე უნდა მოკვდე რომ დაიბადო.


შოპენს 

ვუსმენდი შოპენს,მერე ათოვდა ქაშვეთს,
მახსოვს ზამთარმა შემაყვარა მარტო დარჩენა,
ცოცხით დასდევდა მეეზოვე თოვლიან ბავშვებს,
ცოცხით,რომელიც ჰგავდა ფარშევანგს.


***
 

ნუ უსმენ ხალხს რომ თითქოს ჩქარა გადის დრო,
რომ მშვიდად ყოფნას შენსას აღარავინ მტრობს,
ხომ გრძნობ, ამ ფიქრს, კართან ჩუმად რომ გიცდის,
შენ კი, კვლავ გწამს, რომ სიმღერა დაგიცავს.
შენ ხედავ სიზმრებს, ისევ და სიყვარულის გწამს,... იხილე მეტი
მე მინდა შენთან, ისევ და უშენობა მკლავს.
ნუ უსმენ ხალხს რომ თითქოს ჩქარა გადის დრო,
რომ მშვიდად ყოფნას შენსას აღარავინ მტრობს,
ხომ გრძნობ, ამ ფიქრს, კართან ჩუმად რომ გიცდის,
შენ კი კვლავ გწამს რომ სიმღერა დაგიცავს.
დრო, მხოდოლ სიყვარულს დაინდობს,
დღე, ისევ წაიღებს დარდს,
ჩვენ, ალბათ ნოტებზე დავრჩებით,
სხვებს, არ მოვაბეზრებთ თავს.
შენ ხედავ სიზმრებს, ისევ და სიყვარულის გწამს,
მე მინდა შენთან, ისევ და უშენობა მკლავს,
დრო, მხოლოდ სიყვარულს დაინდობს,
დღე, ისევ წაიღებს დარდს,
ჩვენ, ალბათ ნოტებზე დავრჩენით,
სხვებს, არ მოვანეზრებთ თავს.
დრო, მხოლოდ სიყვარულს დაინდობს,
დღე, ისევ წაიღებს დარდს,
ჩვენ, ალბათ ნოტებზე დავრჩებით,
სხვებს, არ მოვაბეზრებთ თავს.




ჰამლეტი
რატომ აღარ რეკავს?
ყველაფერი მექანიკაა.
წყურვილის დიფუზია მუსიკაში,
უზუსტობათა შეხება ლეონარდოსთან,
ელეგიურობა დღის,
საგნების სენტიმენტალური დგომა,
საფლავებივით.
ჩემი ოთახი შენი ოთახია,
ყველას ოთახია! მოითმინე და
ტელეფონიც აღსდგება მკვდრეთით,
დაიწყებს წითელი დინგით ტრიალს,
დაგირეკავენ როზენკრანცი და გილდესტერნი,
თუ არ მოკვდნენ.
ყველაფერი მექანიკაა,
ისიც, რომ გენატრება
და რომ თითქოს გადის დრო.
კომუნიკაცია საკუთარ მუცელთან,
შიგნიდან ვიღაც რეკავს,
ჩემ ფაშვში ცხოვრობს გონოიუბუ:
დაჭრილი,
აფრიკული სიყვარული.


შეხვედრა
ეპიგრაფი " ნაწყვეტი ძველი ლექსიდან"
ტანს გეტმასნება სველი ალერდი,
გამჭირვალე კაბა გიმზერს თეძოებს,
და აზიდული, მაღალი მკერდით,
მიეფინები მწვანე ეზოებს.


ძაფი გადასკვნა დედაბერმა,
მწვანეს გადახედა ორღობეებს,
აჩრდილს თვალი ავლო წამოვლენილს,
ცხადში შეჰყურებდა მოგონებებს.
თვალი აარიდა საოცრებას,
თმები გაეშალა მზეთუნახავს,
თეძოს დაჰფენოდნენ დალალები,
და ზედ ოქროსფერი აუსახავთ.
თვალნი ცისფერი და უნაპირო,
შიგ მზის სხივებიც რომ ირეკლება
ამაყი მთვარისაც ნარნარება
მის უძირობაში იღვლეფება.
მკერდი, აზიდული ზეცისაკენ,
ჯერაც უჩვეველი შეთრთოლებას,
იგრძნო დედაბერმა გზად მიმჯდარმა
ძველისა და ახლის შებრძოლება.
ლექსი გაიხსენა უძველესი,
თავის სიქორფის და ტრფობის ჟამის,
შურით გადაავლო თვალი ზეცას,
იგრძნო სიფერმკრთალე თეთრი ღამის.
სანამ დედაბერი ოცნებობდა,
ქალწულს თვალწინმომდგარს იქარგავდნენ,
სინაზით და კდემით მუშაობდნენ.