Sunday, June 13, 2010

"ბგერა არის ბევრად ფაქიზი ვიდრე საღებავი, ვიდრე სიტყვა... "

აიკითხეთ და გაიგებთ, რატომ არის შემოქმედებით ზღვარზე, რატომ არ ეშინია სოციუმის ნიველირების, რატომ ვერ დასრულდა მისი რომანი, რატომ გახდა მის ცხოვრებაში ქეთათო სტაბილური, რატომ უყვარს სიკვდილობანას თამაში, რატომ აბრალებენ ნარკომანობას, რატომ დაერქმევა მის ახალ ალბომს `ამო~ და რატომ დაიწერა სიმღერა ტუია-ბუიაზე...
ჩვენი სტუმარი ირაკლი ჩარკვიანია.

_ შემოქმედებით ზღვარზე ყოფნა, შემოქმედებითი ძიების შედეგია თუ შენი სულიერი სამყაროს თვისებაა და ის შენდაუნებურად გადმოდის ფიზიკურ სივრცეში?

_ ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სავსეა შენი `ჭიქა~, ანუ რამდენი უნდა გადმოვიდეს შენგან, ესეც განგების დონეზე ხდება. რამდენიც არ უნდა ეცადო, შენ ვერაფერს შეცვლი, ვერც უარესი გახდები და ვერც უკეთესი, იქნები ყოველთვის ისეთი, როგორიც ღმერთმა გშობა. ჩემი `ჭიქა~ ალბათ, უფრო სავსე დაიბადა და შესაბამისად, მეტიც გადმოდის.

_ როგორი მომენტია, როცა აკეთებ არა მხოლოდ სხვაზე მეტს, არამედ იმას და ისე, რაც სხვას ჯერ არ გაუკეთებია?

_ ის მიმსგავსება, რაც ჩვენთან ხდება, (იგივე ესტრადაში და საერთოდ, ყველგან) ფსიქოლოგიური მომენტით არის გამოწვეული. ადამიანთა უმრავლესობა მშიშარაა და ამიტომაც ერთიანდებიან ვიღაცებთან, რაღაც ჯგუფებში, ამ დროს ჩნდება თავდაცვის გრძნობა და ეს ნორმალურიც არის იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანს, რაღაც დონეზე, მაინც სურს დაცული იყოს. მუსიკალური მსგავსებაც _ მსგავსი გაერთიანების შედეგია (სოული, რეპი...) და ასეთი არსებობა, ამ შემთხვევაში, უფრო მომგებიანი... თუ შენ თავისუფალი ხარ, ამ დროს დიდ დისკომფორტს განიცდი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს თავისუფლება გსიამოვნებს და ბედნიერებას განიჭებს. როცა შედარებით მშიშარა ხარ და გაქვს ნაკლები ენერგია, შენ გინდა, ვიღაცას აუცილებლად ჰგავდე, ამ დროს დაცული ხარ, მაგრამ არ ჰგავხარ სხვას და სხვაზე მეტი ენერგია გაქვს, თითით საჩვენებელი ხდები: `აი, ის, რომელიც არავის ჰგავს!~ თუ ჯანმრთელი არა ხარ _ ეს დისკომფორტი გაუსაძლისი გახდება...

_ ვინ ქმნის გაუსაძლის გარემოს?

_ საზოგადოება, სოციუმი მით უფრო გაწვება, რაც უფრო თავისუფალს გხედავს. ეს იმიტომ, რომ მის ინტერესებში შედის შენი გამორჩეულობის ნიველირება, მის აზრამდე `დაყვანა~. როცა პრესირებული ხარ, სოციუმთან, მეტი ბრძოლა გიწევს...

_ ჩემი აზრით, ვიღაცები შენ გარშემოც ცდილობენ შეკრან წრე, რათა შემდგომ ამ წრეში თავი დაცულად იგრძნონ. თუ გრძნობ ამ მცდელობას და რას ეტყოდი მათ?

_ რა თქმა უნდა, ცდილობენ (იცინის), მაგრამ მინდა გავაფრთხილო ისინი, რომ ეს გზა ძალიან სახიფათოა. იმიტომ, რომ `თავისუფლება ლომთა ხვედრია~... გინდა დაემსგავსო ირაკლი ჩარკვიანს?! _ მოგიწევს ყველაფერი თავად გააკეთო, ეს საერთოდ და მით უმეტეს, მუსიკალურად, ძალიან ძნელია. პლაგიატორი საცოდავია, რა ქნას, იმასაც უნდა რაღაცით, საკუთარი თავი შეაფასოს, მაგრამ ვიმეორებ, რასაც ჩემგან აიღებს, ის მას ვერ დაიცავს, ყველას დაიჭერენ, სხვისი საბნის ქვეშ ვერ დაიმალება.

_ შენ არ დაგიჭერენ?

_ არა, რადგან ზემოდანაა ასეთი კანონზომიერება _ ვინც იპარავს, იმას იჭერენ.

_ პოლიცია იგულისხმება თუ ღმერთი?

_ აქ არ არის აუცილებელი პერსონიფიცირება _ ან ერთი დაგიჭერს, ან მეორე. შეიძლება შენმა თავმა ისე დაგიჭიროს, ისეთი `ტაბლეტკები~ გადაგაყლაპოს, ისეთი `ვაი, დედასა~ გაძახებინოს რომ... იმას იქნებ, ციხეში მოხვედრა სჯობდეს.

_ არასოდეს დაგიჭერია საკუთარი თავი `ქურდის~ როლში?

_ პირიქით, მე ჩემი ენერგიის გაფლანგვაზე დავსჯილვარ ძლიერად. ამ დროს არავითარი განსხვავება არაა _ შენ იპარავ, თუ გასცემ, ყველაფერი ზედმეტისთვის ისჯები. ვიღაცას ჰგონია, რომ მხოლოდ აღებისთვის სჯიან, მაგრამ ის არ იცის, რომ გაცემაზეც შეიძლება დაისაჯო... მე ახლა მეტი რომ გავცე, შეიძლება სადარბაზოში ჩავიდე და ფეხი მოვიტეხო!...

_ ეს რომ არ მოგივიდეს, როგორ უნდა გაიგო, სად არის ზღვარი _ სანამდე შეიძლება გაცემა?

_ სიმართლე გითხრა, მიჭირს გიპასუხო, რადგან ადამიანის ფანტაზიისთვის მიუწვდომელია ის, რასაც ყოველდღე (სიურპრიზებს) გვთავაზობს უფალი, მაგრამ შენი თავის გაცნობის ყოველდღიური პრაქტიკა (მედიტაცია, ლოცვა... რაც გინდა დაარქვი) გაძლევს იმის საშუალებას, რადიკალური შეცდომები არ დაუშვა.

_ კომპოზიტორები ინფორმაციას ბგერის სახით იღებენ. რა არის აუცილებელი პირობა, მასალა, რითაც კომპოზიტორი ამ დროს სარგებლობს?

_ ბგერა არის ბევრად უფრო ფაქიზი, ვიდრე საღებავი, ვიდრე სიტყვა. ის მოდის შენთან მთელი სამყაროდან და შენც უწევ ანგარიშს ყოველნაირ ხმას; მაგრამ, როგორ აღწევს ის შენამდე, განსაზღვრავს შენი `ანტენის~, შენი აღქმის სისუფთავე. რაც უფრო ჩქარა იღებ ბგერით ინფორმაციებს, იმდენად გენიალური კომპოზიტორი ხარ, მაგრამ ბგერას სჭირდება ფაქიზი მოპყრობა. პირველი, რაც მთავარი და გადამწყვეტია _ არ უნდა დაიწყო არასოდეს შენთან მოსული ბგერის (მელოდიის, ნახატის...) მოხმარება. უნდა გახსოვდეს, რომ იმას ისევე უყვარს თავისუფლება, რამდენადაც შენ. შეიძლება შენთან მოსული ინფორმაცია ისე დაამუშაო, რომ მისგან არაფერი დატოვო _ `მოკლა~. ბევრ ადამიანს აქვს კარგი `ანტენა~, მაგრამ ძალიან ცოტას აქვს ბგერასთან კარგი მოპყრობის უნარი. გენიალური კომპოზიტორია ის, ვინც მასში შემოსულ ინფორმაციას საკუთარით მინიმალურად ტვირთავს, ანუ შეუძლია ინფორმაცია ისეთივე სუფთა გაუშვას, როგორიც მასში შემოვიდა.

_ რამდენად განსაზღვრავს ხელოვანის ცხოვრების წესი მის შემოქმედებას?

_ კაცობრიობას აქვს შემუშავებული სულის `გახეხვის~ დიდი პრაქტიკა და მგონი, ეს ყველასთვის მისაღები უნდა იყოს, უპირველესად კი _ ხელოვანთათვის, მაგრამ არა მგონია, ინფორმაციის მიღებისათვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს, იმიტომ, რომ შეიძლება აბსოლუტურად კბილგამოუხეხავმა კაცმა მიიღოს ძალიან დიდი ინფორმაცია და პირიქით, ძალიან რაფინირებულმა სამყაროს ვერც ერთი საიდუმლო ვერ გაიგოს. ჩემს შემთხვევაში, მე მაინც ვცდილობ, კბილები გამოვიხეხო (რა თქმა უნდა, `სულიერი კბილები~)...

_ რა ხდება შენი შემოქმედების პროზით ნაწილში, დაასრულე წიგნზე მუშაობა?

_ როცა მუშაობ დიდი მოცულობის ნაწარმოებზე (რომანი), იმდენად კარგავ კონტაქტს რეალობასთან, რომ გიჩნდება შიშის გრძნობა. გადადიხარ სამყაროში, სადაც ხდები `ღმერთი~. რეალობასთან უცებ გამომშვიდობება და სიკვდილი რთულია, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ამ ეტაპზე. ჯერ კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელი ამ წიგნის დასასრულებლად (10 წელია ვმუშაობ).

_ იქნებ გვითხრა, რაზეა წიგნში საუბარი?

_ უფრო მეტად იმაზე, რასაც ჩვენ ვერ ვაკეთებთ, ვერ ვხედავთ... ჩვენი ჯოჯოხეთიდან ჩვენივე სამოთხეში _ აი, ასეთი ორგანზომილებიანია მთელი ნაწარმოები. მოქმედება _ წავიდა, მოვიდას სახით არ ხდება, აქ პარალელური მოქმედებებია, რომელიც არა მარტო `აქ~, `იქაც~ ხდება, სადაც ბევრად სხვაგვარადაა ყველაფერი. აქ არ არის ერთი ამბავი მოთხრობილი, წიგნის სირთულე მის დუალიზმშია. ისტორიები იცვლება სხვადასხვა მიმართულებით... რომანში ყველა ადამიანს ჰყავს დუბლიორი, ამდენად, ძნელი სამუშაოა.

_ შენი დუბლიც არის?

_ მე `ღმერთი ვარ~, დამკვირვებელი და არანაირ მონაწილეობას არ ვიღებ იმ ორი განზომილების ურთიერთობაში.

_ შენს ბოლო კლიპში ქეთათოს სახე რეჟისორის მიერ იქნა შერჩეული, თუ მისი შენ გვერდით ყოფნა, რაღაც დონეზე _ `ჩვენის~ არდარღვევაა?

_ პრინციპში `ჩვენ~ არის მე, ქეთათო და `შიში~, მაგრამ კლიპთან ამას არანაირი კავშირი არა აქვს, ჩემი ინიციატივა აბსოლუტურად მინიმალური იყო ამ მხრივ. ყველაფერი რეჟისორის, ქეთი მაჭავარიანის მიერ გაკეთდა.

_ ანუ სხვა ქალის სახე რომ ყოფილიყო, არანაირი პრობლემა არ იქნებოდა?

_ არანაირი, რადგან მგონია ამით `ჩვენ~ არ დაირღვეოდა. შეიძლება კლიპში ვიღაც ქალთან ერთადაც გადამიღონ, ეს არაფერს ნიშნავს და არაფერს შეცვლის. ჩვენ მსახიობები ვართ პრინციპში ამ დროს, იმდენად გახსნილი ვარ ამ თვალსაზრისით, იმდენად მსურს შევიგრძნო რეალობა, არავითარ ჩარჩოებს არ ვუქმნი მას. მე უფრო სიმართლის მაძიებელი ვარ. მე და ქეთათო _ ეს არ არის სპეციალურად გაკეთებული `ჩვენ~, ეს არის ბუნებრივად დაბადებული `ჩვენ~ და მე არ ვქმნი შლეიფს, რომ თუ ჯონ ლენონი და იოკო ერთად იყვნენ, აუცილებლად, ჩვენც ასე ვიყოთ. როგორი ვიქნებით `ჩვენ~ _ ეს ღმერთის პრეროგატივაა.

_ რეჟისორთან მუშაობა რა კუთხით გაინტერესებს, რა დროს ეთანხმები კლიპის გადაღებაზე და თუ გაქვს შენეული მომენტი, რომელიც უნდა გამოჩნდეს?

_ ჩვენ ყველას ერთმანეთის გაცნობა გვინდა, ამიტომაც, როგორც იმას სურს დამინახოს, ასევე მსურდა მეც _ გავიცნო ის. პაპსავიკებს ჰგონიათ, რომ აუცილებლად კარგი კამერაა საჭირო (იცინის), ეს გოიმებისთვის არის, ჩემთვის საინტერესოა (იმდენად, რამდენადაც იმ რეჟისორისთვის არის საინტერესო) ჩემში შემოსვლა და ჩემი დანახვა, ანუ იმის გაგება _ რა აინტერესებს რეჟისორს. ესეც ხომ სერიოზული ინფორმაციაა _ რა უნდათ ჩემგან. დიდი ინიციატივის გამოხატვა გადაღების პროცესში არ მიყვარს, მაგრამ არც ის მახარებს და მიყვარს, როცა ზეწოლას ვიგრძნობ. რეჟისორებს აღებული აქვთ დიქტატურის, ყველას დამორჩილების (ჩვენი სკოლაა ასეთი, ეს ცალკე საუბრის თემაა) ფუნქცია და როცა ეს ენერგეტიკა გადმოდის ჩემზე, გავრბივარ. ამიტომაც, უფრო ხშირად, თავად ვაკეთებ ვიდეოს. სულ რომ შენი ენით ილაპარაკო შენზე, კარგია, მაგრამ სხვებსაც უნდა მისცე შანსი, თავისი ენით ილაპარაკონ შენზე, ესეც საინტერესოა, ხანდახან სხვასაც უნდა მოუსმინო. ეს შემთხვევებია ბასა ფოცხიშვილის `საქართველო~, `წყალს~ და ქეთი მაჭავარიანის ბოლო კლიპი.

_ რომელში მოგწონს შენი თავი?

_ მე არასოდეს მომწონს ჩემი თავი ბოლომდე, ყოველთვის უკმაყოფილო ვარ... საერთოდ, ხელოვნება დაუკმაყოფილებლობის გრძნობასთან ძალიანაა დაკავშირებული და ალბათ, სხვებიც ასევე იქნებიან.

_ ადრე ციდან მიწისკენ იყურებოდი, ახლა პირიქით _ მიწიდან ცისკენაა მიმართული მზერა. რატომ იცვლი მზერის ობიექტს?

_ ბასამ რომ გადაიღო `წყალს~, იქ სიუჟეტი ისე განვითარდა, რომ ჯერ ქეთათოს ვეუბნები `მოგიტან წყალს~ და მერე ავფრინდები ზემოთ. ქეთის კლიპში არის მეორე ირაკლი, რომელიც ქვევიდან უყურებს იმ ირაკლის, რომელიც ზემოთ გაფრინდა. ეს, ფაქტობრივად, შეიძლება დაინახო _ როგორც გაორება...

_ საიდან უფრო მეტი მოჩანს _ ქვევიდან თუ ზევიდან?

_ პირდაპირ რომ გითხრა _ ორივედან. ბაბუაჩემი ირაკლი თოიძე მხატვარი გახლდათ: 75 წლის ასაკში დადიოდა თურმე 16 წლის გოგონასთან და ხატავდა. ღამეც კი მათთან რჩებოდა სახლში. ბებია სულ ეუბნებოდა: Bჰფრკბქ= ყტ ცნსლყჯ= ნფვ ვჯკჯლფზ ლტდეირფ= ტ/ ცტვმზ!!! ღფრ ყტ ცნსლყჯ ცნფჰსქ ლზლზ ნფვ დ ნეფკტნ [ჯლბიმ!!! ერთხელაც ბაბუამ ასე უპასუხა: ტცკბ \'ნჯ ლზლზ Vბრტკფყლ;ტკჯ\\! თუ მიქელანჯელოა ის ძია, რა მნიშვნელობა აქვს _ მოხუცია თუ ახალგაზრდა... თუ მიქელანჯელო ხარ ზევიდანაც და ქვევიდანაც, ტექნოლოგიები ვერაფერს დაგაკლებენ. თუ ოქროს ხელები გაქვს, პირველ საუკუნეშიც ოქროს გააკეთებ, მე-15-შიც და XXI ს-ში ხომ გააკეთებ და გააკეთებ.

_ როგორც შენი დისგან გავიგე, ბავშვობაში სიკვდილის წარმოდგენებს დგამდი და აშინებდი, დღესაც თამაშობ ამგვარად?

_ ყოველდღე ვთამაშობ, თითქოს მოვკვდი, რადგან თუ ყოველდღე არ მოკვდები, ყოველდღე ვერ დაიბადები. სიკვდილისა და დაბადების პრაქტიკა ადამიანმა, ისე უნდა გაიარო, როგორც კბილების გამოხეხვის მედიტაცია. ამ სპექტაკლის თამაში ძალიან მიყვარს. ბავშვობაში თეონას ვაშინებდი, უფრო ზუსტად, ის ფიქრობდა, რომ მართლა მოვკვდი და ისტერიკაში ვარდებოდა. ახლა ქეთათოსა და `შიშთან~ ვთამაშობ _ ვხუჭავ თვალებს და ყველა ხვდება, რომ მე იმწუთში მოვკვდი. ჯერ ქეთათო მოვა, მერე `შიში~ და ენას ამისვამს... როცა მკვდარი ხარ, უკეთესად გრძნობ, რა არის სიცოცხლე. ბავშვობიდან მინდოდა გამეგო, რას ნიშნავს, როცა არა ხარ აქ და ამიტომ გამოვიგონე ეს თამაში.

_ შენ თუ აცოცხლებ ვინმეს, ირაკლისთვის ვინ კვდება?

_ ჩემთვის?! ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს ყველა მკვდარია ჩემ გარშემო და ყველას მე ვაცოცხლებ. ამიტომაც მიწევს იმ `ჭიქიდან~ იმის ჩამოსხმა, რასაც ენერგეტიკა და საერთოდ, სული ჰქვია. ვთვლი, რომ ვახერხებ ვიღაცები რაღაც დონეზე გამოვაცოცხლო, ადრენალინის გამოყოფაში ვეხმარები ქვეყანას...

_ შენი ბავშვობისდროინდელი თავგადასავლები მთელმა თბილისმა იცის. ახლა თუ ეძებ ფათერაკებს?

_ ბავშვობაში იყო გაქცევაც, ჩხუბიც... დღეს არაფერი ხდება. თუ იმას არ ჩავთვლით, რომ გუშინ (29 ივნისს) პოლიციამ დამიჭირა. ცოტა წინ ვასწრებ მოვლენებს, რასაც ვამბობ, იმავე დღესვე ხდება. ჩავწერე `უსაფრთხოება~, გამოვედი სტუდიიდან და მეცა ოთხი ტიპი, მანქანაში ჩამაგდეს. გადაწყვიტეს, ნარკომანი ვიყავი და აქცია ჩაატარეს, ვენები გამისინჯეს. ჩემი სიმღერა ზუსტად იმის გამო შევქმენი, რომ ის ხალხი გამომეწვია, ვისაც ჩემი დაჭერა უნდოდა და პასუხიც მივიღე.

_ როგორ შეხვდი ამ გამოწვევას _ ჩხუბით, გინებით თუ პირიქით?

_ შევეცადე (შეიძლება შეცდომაა) რაღაცნაირად ამეხსნა, რომ არ შეიძლება ადამიანთან ასეთი აგრესიული დამოკიდებულების გამოვლენა, თუ პოლიციას ის აინტერესებს, ვარ თუ არა ნარკომანი, ეს შეუძლია გააკეთოს Yტ ყფ ბცგეუ! არამედ პირიქით... დებილებივით მისმენდნენ, როცა ვუთხარი, წიგნები წაიკითხეთ, ტელევიზორს მოუსმინეთ-მეთქი, დრო არა გვაქვსო... ისინი გამოვაფხიზლე არა იმით, რომ მე ირაკლი ჩარკვიანი ვარ და შენ რას მიედ-მოედები-მეთქი, არამედ გზა ვუჩვენე...

_ ისე მიღებულია აზრი შენს ნარკომანობაზე, სინამდვილეში რა ურთიერთობა გაქვს ნარკოტიკთან?

_ Xტცნყჯ\\ პირდაპირი კავშირი ნარკომანიასთან არ მქონია, ნარკომანი არასოდეს ვყოფილვარ. თუმცა ჩემ გარშემო ყოველთვის იყო შლეიფი, რომ ნარკომანი ვარ. როგორც გითხარით, სოციუმი თუ დაგინახავს, ცოტათი გამორჩეული ხარ, ცდილობს დაგამიწოს. რამდენადაც არ უნდა ილაპარაკონ ჩემზე ნარკომანიაო, მე ვერ დამიჭერენ. მთავარია, თავად იცოდე, ვინ ხარ, თორემ იმდენი რაღაცა შეიძლება თქვან, იმასთან შედარებით, `ნარკომანი~ ყვავილად მოგეჩვენოს. სოციუმი მუდამ ეცდება, მიგიჩინოს ადგილი, ჩაგსვას ციხეში და ეს ციხე იყოს _ ჰომოსექსუალიზმი, მაზოხიზმი... თუ ცოტათი ნარკომანი ან სადისტი ხარ, ამით მოგსპობენ, მაგრამ, როცა ჯანმრთელი ხარ, რაც უნდა ილაპარაკონ, ღმერთმა შეარგოთ.

_ იქნებ არსებობს ისეთი რამეც, რაც სოციუმმა შეიძლება ირაკლის `დასაჭერად~ გამოიყენოს?

_ მე ვერავინ ვერაფერზე ვერ დამიჭერს.

_ შენი სახე, როგორც შემოქმედის, მკვეთრად განსხვავებულია, რამდენად მონაწილეობ ამ სახის დახატვაში?

_ შენ ხარ ის, რასაც შენ აძლევ შენს თავს და ის, რასაც შენ გაძლევენ, შენი სახე იხატება ორივე მხრიდან. ამ ორის შეჯახება ქმნის რეალურ სახეს ისტორიისთვის.

_ რატომ არქმევ შენს ახალ ალბომს `ამოს~ და რატომ აღმოჩნდა შენი შემოქმედების გმირი ბუია?

_ ძალიან პრიმიტიულად რომ ვთქვა, ჩემს `ამოს~ ამოყვანას, შელოცვას მინდა ამოჰყვეს მზე, ამოვიდეს უფრო პოზიტიური და არა ის, რაც ამ 10 წლის მანძილზე ვნახეთ, თუმცა შეიძლება ყველაფერი მოხდეს. `ამო~ კომპიუტერული თამაშის ბოლო კარისკენ გასვლას ჰგავს, ოღონდ მე ამ დროს უკან, ანუ ისტორიაში გავდივარ. ჩვენ, როგორც ერმა, ბევრი გამოვიარეთ და ჩემი მცდელობაა (ყოველ შემთხვევაში) ერთ სულიერ მზეთუნახავს მოუხმოს პოზიტიური წარსულიდან...

რატომ აღმოჩნდა ჩემი სიმღერის გმირი ბუია?! შეიძლება ის სხვებისთვის საშინელებაა, მაგრამ ჩემთვის ის არის სამყარო, რომელიც თავისებურად ლამაზია, როგორც გამოვლინება. ბუია ქალია, რომელსაც სახეზე წვერი აქვს და ხელში მუდამ პარკები უჭირავს... რუსთაველზე დადის დღენიადაგ. ვისი შეგრძნებაა ამქვეყნად უფრო ძლიერი, ვერავინ იტყვის, ეს სფერო მხოლოდ ღვთაებრივ კანონებს ემორჩილება, ანუ არავინ იცის _ ვინ უფრო ბედნიერია _ ერთსა და იმავე დროს _ ბუია, რომელიც მზეზე ჯდება გადასასვლელზე და ტილები ამოჰყავს, თუ ის, ვინც 15 ჯიპს ყიდულობს იმავ დროს. ვიღაც შეიძლება ფიქრობდეს, ბედნიერების აღება ან სადღაც ყიდვა შეიძლება, არა, ეს შეგრძნება ვისთან როგორ მოდის და რა ფასად _ ეს უფლის პრეროგატივაა.

_ ე.ი. ქალი წვერითა და ოფლის სუნით არ გაღიზიანებს?

_ თუ ბუიას აქვს წვერი და ჰგავს კაცს, ეს სამყარომ მისცა, მე როგორ შემიძლია ღვთაებრივ კანონებში ჩავერიო, რა უფლება მაქვს. ბუია სამყაროს სილამაზეა, როგორ უნდა შეგეზიზღოს ის?! სილამაზეს შენი კრიტერიუმებით ვერ განსაზღვრავ, ის უფრო მრავალფეროვანია. ის ოფლის სუნი, რომელიც ბუიას ასდის, შეიძლება ბევრად უფრო ნატურალურია და მისაღები, ვიდრე ვიღაცის `შანელი~. კატეგორიულობა დაბალ დონეზე დამღუპველია, დაყოფა _ ომების, უბედურების საფუძველი. დესტრუქცია ჩნდება დაყოფიდან, ამიტომ ჩვენ უნდა წავიდეთ გლობალიზაციისკენ (იცინის), (პოლიტიკური გაგებით არ ვგულისხმობ) და ბუნებრივად მივიღოთ სამყაროს მრავალფეროვნება.

_ შეწყდა შენს ცხოვრებაში ქალთა ცვლა, ქეთათოს სტაბილურობას რა განაპირობებს?

_ ჩემი მისამართით იმის თქმა, რომ ქალებს ვიცვლიდი, ცოტა არ იყოს უხეში ნათქვამია, `ცვლა~ _ ეს ჩემთვის მიუღებელი ფორმაა. ქეთათოსთან უკვე 5 წელია ვარ და მგონია, რომ დღეს გავიცანი. ერთად ვართ და ჩვენი ერთად ყოფნა სულ ახალია, სულ დღევანდელია. ეტყობა, ჩემშიც დაიხვეწა მიდგომა ამ გრძნობისადმი, უფრო ფაქიზი გავხდი... შეიძლება 3-4 წლის წინ, უფრო უხეში ვიყავი.

_ შენს სამყაროს დაუდგა ეს პერიოდი, თუ ქეთათომ გიბიძგა სიფაქიზისკენ?
_ ალბათ ორივემ შევუწყვეთ ხელი ერთმანეთს, ეს რომ გაგვეცნობიერებინა. არ არის საჭირო რაღაცები ეძებო, რადგან მთავარია _ დაინახო და შეიგრძნო ის, რაც შენ გვერდითაა. ამ დროს კი ყველაფერი გვერდით გაქვს.

_ იპოვე და არ ეძებ ქალს?

_ არა, ძიების არანაირი პრობლემა, რადგან მივხვდი, რომ ერთის მედიტაცია, ფაქტობრივად, ყოველთვის უფრო ღრმაა. სიმდიდრე ყოველთვის გვერდით გაქვს, უბრალოდ, არ ჩაგიდია იმ პიჯაკში (ჯიბეში) ბოლომდე ხელი, სადაც ის დევს. ერთ დღესაც ჩაყოფ, მაგრამ ესეც ღვთის ნებით მოხდება და იპოვი 20 დოლარიანს.

_ ქეთათომ ერთ დღესაც თავის პიჯაკის ჯიბეში სხვა 20 დოლარიანი რომ იპოვოს?..

_ ძალიან კარგი, იპოვოს, ვერავის დავიჭერ. მე არავის არ ვუჩვენებ გზას, ყველა ღმერთს უნდა წაჰყვეს. თუ ქეთათო აღმოაჩენს იმას, რაც ღმერთისმიერი იქნება, ამას რა აჯობებს.

_ შევცდი, ის 20 დოლარიანი ყალბი ყოფილაო რომ თქვას, კვლავ მიიღებ?

_ ესეც ღვთის ნებაა, სად ვიქნები მე ამ დროს. ქეთათო თუ წავიდა, მოვიდა და მე კვლავ იქ დავხვდები, მოხდება ის დამთხვევა, რაც 5 წლის წინ, მაგას რა სჯობს, თუ ღმერთი ასე ინებებს...

_ ჩვენი საუბრისას შენი მინუსები არსად ჩანს, გინდა თქვა, რომ ცოტა გაქვს?

_ არა, მინუსები ალბათ ბევრი მაქვს, მაგრამ ჩემი ცხოვრებისეული კონცეფციაა ამ მინუსებთან ბრძოლა. ჩემი ყველაზე დიდი ადამიანური მინუსია, რომ ვარ ძალიან რბილი. როცა ვიხსნები, ვიხსნები ბოლომდე და ამ დროს ჩემს მოწინააღმდეგეს ადვილად შეუძლია ჩემზე იერიშის მოტანა და განადგურება. როცა როლში შევდივარ (შეიძლება სცენიდან, ხატვიდან გამომდინარე), იმ წუთას ძალიან დაუცველი ვარ, ადვილად @Hფყბვსქ@ ადვილად მოსანადირებელი.

_ თავად რას უმიზნებ მონადირის როლში?

_ აბსოლუტურად არ ზის ჩემში მონადირის მომენტი, მეთევზეობა უფრო მიზიდავს, სულიერი გაგებით _ მეთევზეობა და არა პირდაპირი (იცინის), თევზები ძალიან მეცოდებიან, როცა იჭერენ.

_ ირაკლი და ფული?

_ ჩემი ერთ-ერთი მინუსი შეიძლება კიდევ ის იყოს, რომ საუბედუროდ არანაირი დამოკიდებულება არა მაქვს ფულთან. ფულის აღების, მოხვეჭისა და შენახვის მომენტი არ მაქვს.

_ ამ წუთას რამდენი გაქვს?

_ ახლა? ორი ლარი (მიჩვენებს ფულის ყულაბას, სადაც ქაღალდის 2 ლარიანია).

_ ამ ყულაბაში ტოვებს ჩუმად ვინმე რამეს?

_ ასეთი ვიღაცები არასდროს ყოფილან.
_ დედაშენმა მითხრა, ირაკლი სულ მშიერიაო, ახლაც გშია?

_ არა, დღეს უკვე ვჭამე. ქეთათო, რა ვჭამეთ?! ყავა დავლიეთ... ისე, დედებს სულ ჰგონიათ, რომ შვილებს შიათ. დედა სულ მეკითხება, რა გაგიკეთოო, რაღაც უნდა ვუთხრა (იცინის), არ მომეშვება და მეც ვიგონებ იმ სიტყვებს, რომლებიც მომწონს. ვეტყვი, ჩანახი-მეთქი და იწყება, ეს როგორ... განა ვიცი, სიტყვა რომ მომწონს იმ დონეზე ვამბობ...

_ უკვე მეხუთე ჭიქა ჩაის სვამ, რა ჩაი გაქვს ასეთი?

_ მწვანე ჩაია, 2-3 წელია ეს ეტაპი გრძელდება. ძალიან მიყვარს ჟასმინის ჩაიც, შავი ჩაი. მწვანეს მიგზავნის ჩინეთის ელჩი, ოღონდ ვერ ვიტყვი, რამდენ ხანს გაგრძელდება ასე.

_ რატომ გიგზავნის ჩინეთის ელჩი?

_ უბრალოდ, მეგობრობის გამო. მას მოსწონს ჩემი მუსიკა, ჩემთან ურთიერთობაც, ეტყობა, მიხვდა ჩაის ფანი რომ ვარ და უნდა მასიამოვნოს.

_ ირაკლი, ვატყობ ჩაცმის სტილი დაიხვეწა, არა?

_ რატომ მეკითხებით?

_ იმიტომ, რომ 3 წლის წინ, პაპანაქება სიცხეში ბათინკებითა და შალის წინდებით დამხვდი?

_ რომელი ბათინკები, ყვითელი? უიმე, ისინი `დაიღუპნენ~ და გამოვესალმე... `ის მოკვდა~, აღარ არის. კი მაქვს იმ ტიპის ახალი, მაგრამ ცოტა ხნით ვასვენებ.

_ დღეს სათვალეც არ გიკეთია, ადრე მითხარი, იმიტომ ვატარებ სათვალეს, რომ მიჭირს ადამიანებისთვის თვალებში ჩახედვაო...

_ მართლა ასე ვთქვი?! ისე, მართლა ძნელია ადამიანს თვალებში უყურო, ადამიანი ხომ თვალებიდან იკითხება. მე, როგორც გითხარით, გამცემი ვარ და ძალიან ბევრი მომდის, როცა ადამიანს თვალებში ვუყურებ, მაგრამ ამას ჩემი ენერგიის ეკონომიასთან კავშირი არა აქვს, პირიქით, იმ ადამიანს, ვისთვისაც გავცემ, შეიძლება ზედმეტისგან (როგორც ჭამის დროს) გული აერიოს _ იგივეა სათვალე.

_ ძაღლზე ოცნებობდი, აქ კი `შიშია~?

_ დღეს იცი რაზე ვოცნებობ, ჩემმა კატამ ფისი თავის ადგილას ქნას... ამ ბოლო დროს აურია და პრობლემები შეგვექმნა. ინტერნეტიდან ვასწავლე უნიტაზში ფისის კეთება, მაგრამ მოხდა ისე, რომ უნიტაზი გამოვცვალეთ რემონტის დროს და ახალს ვერ შეეთვისა... თავისი უნიტაზიც აქვს, მაგრამ...

_ ახლა სად არის და რატომ შეარქვი `შიში~?

_ `შიში~ იმიტომ ჰქვია, რომ ჩვენ გარდა, არავის ხმაზე არ გამოდის.
ქეთათოს შემოჰყავს `შიში~ და ირაკლიც საოცარი სითბოთი ეალერსება.

_ ციცუნა, მოდი გოგო აქა, მოდი ჩემი გოგო, ჩემი პატარა გოგო (`შიშს~ ყელზე მძივი უკეთია, ქეთათომ გაუკეთა თურმე).

_ ირაკლის რისი ეშინია?

_ შიში აუცილებელია იმისათვის, რომ არ გეშინოდეს. სიმაღლის შიში მქონდა ძალიან სერიოზული და ვთხოვე ბასა ფოცხიშვილს კლიპს რომ მიღებდა, ცირკში ზემოთ ამაფრინე-მეთქი. კი ვთხოვე, მაგრამ არ მეგონა, იმ სიმაღლეზე თუ ამწევდნენ... ისეთ პატარა ხეზე ვიჯექი, შეიძლებოდა ყოველ წუთს ჩამტყდომოდა, თან რკინებს ხელს ვერ მოჰკიდებდი. გადავლახე სიმაღლის შიში და ცირკის სიმაღლიდან დავხედე იმ აუდიტორიას, სადაც ერთ დროს მეც ვიჯექი ბაბუასთან ერთად... ჩემს ბავშვობას დავხედე ზემოდან. კარგია, გაიღვიძო და ვეფხვი იყო, აფთარი, არაფრის არ გეშინოდეს, მაგრამ თუ ეს შეგრძნება არა გაქვს, არა ხარ ჯანმრთელი. ვეფხვსაც ეშინია ჯუნგლებში ტურებისა და აფთრების თავდასხმის...

_ ირაკლი რაზე აფრენ?

_ (ბუზი დააფრინდა ცხვირზე) ბუზებზე ნამდვილად არ ვგიჟდები... ვაფრენ და ვგიჟდები, ალბათ, მუსიკის კეთებაზე...

_ შენს ნახატებზე (ოთახის კედლებზეა გამოფენილი) არაფერს იტყვი?

_ ჩემი დამოკიდებულება მაქვს საღებავთან, უფრო დეკორატიული მიმართულებისაა... ვფიქრობ, ჩემი ნახატები არ არის იმდენად ღრმა, რამდენადაც ჩემი მუსიკა, ნახატები უფრო ზედაპირული მგონია... შეიძლება ვიღაც ხელოვნებათმცოდნემ ერთ დროს ისიც თქვას, ახალიაო, დაველოდოთ...

_ შვილზე, მაქსიმეზე რას იტყვი, არ გაწუხებს ის, რომ მოსკოვში ცხოვრობს?

_ იქაურ სკოლაში უფრო კარგ განათლებას მიიღებს, მახსოვს, როგორი მძიმე სურათი იყო ჩემი ბავშვობა აქ... ახლოს ყოფნის ისეთი მომენტი არ არის, როგორიც ჩემსა და მამაჩემს შორისაა, მაგრამ ეს არც არის აუცილებელი, არავინ იცის, ყოველდღიური ურთიერთობებით შეიძლება მეტის აღება თუ იმ 3 თვეში, როცა მე და მაქსიმე ერთად ვართ. ახლა აქ არის.

_ ირაკლი რას ეტყოდი მკითხველებს და იქნებ ფინალიც თავად გააკეთო, როგორ ირაკლის შევხვდი 3 წლის შემდეგ?

_ ხალხს ვეტყოდი _ MENშ შANA IN ჩOღPOღE შANO (საღი გონება საღ სხეულში!) შეიძლება ბანალურ რაღაცას ვამბობ, მაგრამ ადამიანის ჰარმონიული განვითარებისთვის ეს აუცილებელია. ე.ი. მეკითხებით ახლა როგორ ირაკლის ემშვიდობებით?! უფრო ერთიანს, უფრო სრულს ნაცვალსახელით _ ჩვენ, ანუ მე, ქეთათო და `შიში~. კარგად იყავით.

ირაკლის კორესპონდენტისგან: უფრო სრული და ერთიანი გახდი?! იქნებ პირიქით, უფრო რთული და ამიტომაც გინდა დანაწევრებაში ქეთათო და `შიში~ დაგეხმარონ?!

გისურვებ იმ სირთულეში გეპოვოს გზა, რომელიც დაგაძლევინებს კიდევ ერთ უდიდეს შიშს ირაკლი ჩარკვიანის შებრძოლებისას ირაკლი ჩარკვიანთან, ანუ იმ ორი ირაკლის შეხვედრისას, დღეს რომ ზევიდან და ქვევიდან სინჯავენ ერთმანეთს.

გამარჯვებას გისურვებ კვლავ.

No comments:

Post a Comment