Saturday, June 12, 2010

"მე წავალ,ჩემს შემდეგ სინათლეს დავტოვებ"

მეფე:"უბრალოდ წამოვწვები და გადავიხურავ ბალახიან მიწას,სულ ეს არის და ეს"
იქრის გორიდან ვარაზის ხევისკენ რუხი ქვის კიბე ჩადის.ასე,თორმეტი საათისთვის გავიარე.ირაკლი ჩარკვიანი იჯდა გეანიტის ქვაზე.ქვემოთ ორი მიმართულებით მოძრავი მანქანების მდინარეს მდუმარედ უყურებდა.ასე ორ საათში დავბრუნდი.ისევ იჯდა,მომეჩვენა,ოდნავაც კი არ შეეცვალა ადგილი.რამდენიმე ხანში ისევ მომიხდა წასვლა.ირაკლი თითქოს შეზრდოდა გრანიტის ქვას.როცა უკან მომავალ გზაზე ისევ იმ
ადგილზე დამხვდა,შევჩერდი.ვარც კი შემამჩნია.როგორც ჩანს ,იქ მხოლოდ სხეულით იყო... დღიურებს უფრო მარტოსულები წერენ. მერე კარგად ინახავენ, ცხადია, მაგრამ ირაკლი ასეთი არ იყო. განსაკუთრებულად არაფერს ინახავდა. ამიტომაც დაიკარგა მისი დღიური, რომლის მიხედვითაც უნდა დაეწერა "მშვიდი ცურვა". უცნაურად გაქრა, ვინ იცის, რა ფერის ყდიანი და რისი დამტევი. სულ ხომ არ გაქრებოდა! ახლა, ალბათ, სადღაც, რომელიღაც წიგნის კარადაში ან მაგიდის უჯრაში ინახება და გამქრალ ბავშვობასავით ძველი სიმარტოვე ენატრება. სიმარტოვე კი ყოველთვის იყო, მაშინაც, როცა მეგობრები თითქმის ყოველდღე იკრიბებოდნენ და მერეც, როცა ერთად იშვიათად იყვნენ... იყო არამარტო ირაკლისთვის, გიასთვისაც, კახასთვისაც და ლევანისთვისაც. ეს იყო ტარკოვისკისეული წვეთის სიმარტოვე, როცა ის მეორე წვეთისაკენ მიექანება, ერთიანდებიან და ხდება ერთი დიდი წვეთი და დიდი სიმარტოვე... გეოგრაფიული სივრცე, დრო, წარმოდგენები ვერ შლის კავშირს მეგობრებს შორის. ამას ვერც სიკვდილი ახერხებს.
გია მირზაშვილთან სახელოსნოში ირაკლიზე ვსაუბრობთ: - მით უმეტეს,რომ ირაკლი აქ არ არის და ისე უნდა ვილაპარაკლოთ,თითქოს გვისმენს,
- მეუბნება გია და ხელს ჩემს მარცხნივ სიცარიელისკენ იშვერს...
- ახლა სულ
მოულოდნელად გამახსენდა,რომ ირაკლი ავტობუსში გავიცანი. ის და გეგა კობახიძე ამოვიდნენ. გეგამ გამაცნო, ჩემი კლასელიაო. პირველი შეხედვისთანავე მივხვდი, ახლობელი იყო. მას მერე დავმეგობრდით და შემიძლია ვთქვა, ჩემი ყველაზე ახლო მეგობარ იყო.
როცა წარმოვიდგენ, გიტარით თუ ვხედავ? სულაც არა. ვხედავ, როგორ ვსხედვართ და რომელიმე მწ
ერალზე ვლაპარაკობთ, ვკამათობთ... არაჩვეულებრივი ალღო ჰქონდა, მხატვრობაში შეეძლო ისეთი რამ დაენახა და დაეფასებინა,რაც მართლა ღირებულია.სულაც არ იყო ურბანისტული მსოფლ მხედველობის. "ეტყობა ლეჩხუმელებს სისხლსა და ხორცში გვაქვს მიწის სიყვარული, ძალიან მიყვარს თოხი, ბარი... მომინდება ხოლმე მიწის დამუშავება", _ უთქვამს ჩემთვის. საოცრად გრძნობდა ფესვებს.
ვაჟკაცი იყო და ჩხუბიც კარგად შეეძლო. კიროვის ბაღში ჩხუბი მოგვივიდა. ჩვენ ორნი ვიყავით, ისინი თორმეტნი, თანაც მათ შორის რამდენიმე კალათბურთელიც. ამ დროს ტაქსით გაიარა ირაკლიმ, მამასთან ერთად შინ მიდიოდა. ჩხუბის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო, მან კი ტაქსი გ
ააჩერებინა და ისე დაუფიქრებლად შემოვარდა ჩხუბში, თითქოს წინასწარ არ იყო განსაზღვრული, რომ თვითონაც გაილახებოდა. ცხოვრება, როგორც პროცესი, შენი წილი სიყვარულით უნდა გაიარო. ირაკლი ასეთი იყო: რასაც აკეთებდა, ბოლომდე აკეთებდა.
ვიცი რელიგიური იყო, ეკლესიაშიც დადიოდა. არ ჰგავდა თავის გარეგნობას. მგონი ის ახდა რასც მღეროდა: "მე წავალ, ჩემს შემდეგ სინათლეს დავტოვებ", _ მართლა დატოვა.

კახა თოლორდავა: _ ყველაზე სულიერი ადამიანი იყო, ვისაც შევხვედრივარ. მასთან ყოფნა ყოველთვის საინტერესო იყო. არ მახსოვს წუთი, როცა შეიძლება ირაკლისთან მოგეწყინა.
ირაკლი საოცრად დიდი წარმოდგენა ჰქონდა თავზე, მაგრამ არ ვუბრაზდებოდით, რადგან მართებული იყო, შაყირს კი ვიწყებდით.
არაერთხელ მინახავს ნაცემი. ჯარში მივდიოდი, წინა დღეს ეგ და ევგენიძე სასაფლაოზე წაიყვანეს და ისე სცემეს... როგორ გაცვიათ, როგორ უკრავთო... ესე იგი, რატომ ჩვენნაირები არ ხართო.
სულ მუშაობდა. ჯერ ერთი, ყოველდღე დღიურებს წერდა. ნანა რომ დაიბადა, უნდა გენახათ, როგორ ზრუნავდა. ინერნეტში ეძებდა დ
ა კვების რაციონს იქიდან ურჩევდა. ვეუბნებოდი: ექიმი აუყვანეთ, რას აჭმევთ ბავშვს მეთქი... მაგათ რა იციანო, მთელი სერიოზულობით მერყოდა და ისევ განაგრძობდა ძებნას...
ბოლო წლებში ირაკლის დაბადების დღეებზე მარტო ქეთათო, ირაკლი და მე ვიკრიბებოდით ხოლმე. ვეხუმრებოდი, ჩემთვის იხდი ამ დაბადების დღეებს მეთქი... ბოლო დაბადების დღე გამომრჩა. ამომივარდა თავიდან, რა რიცხვი იყო. მეორე დღეს მირეკავს შეშფოთებული, რა დაგემართაო. შოკში ვიყავი...
ყოველთვის მაინტერესებდა , რა მოხდებოდა ირაკლის დიდი ფული რომ ჰქონოდა. 40 წლის კაცი ერთ ოთახში ცხოვრობდა ცოლ-შვილთან, კატასა და ძაღლთან ერთად.

მძიმე ცხოვრება ჰქონდა. არ დაგავიწყდეთ, რომ ანტიდეპრესანტებმა მოკლა და არა ნარკოტიკებმა.
არ გაჩვენებდა თავის გრძნობებს. მერე უცებ მიხვდებოდა, რომ სულ ფიქრობდა. განიცდიდა... არასოდეს ტოვებდა იმის განცდა,რო გეგა მასშიც მოკვდა, ირაკლი კოსტავაც, დიკაც...
ერთადერთი რომანი დაწერა და ისიც მიცვალებულ მეგობრებზე. ქეთათომ რომ ჰკითხა კახა ან ლევანი რატომ არ არის ამ რომანშიო, უთქვამს, ეგენი ხომ ცოცხლები არიანო. ვიცი, გარდაცვლილ მეგობრებთან ურთიერთობის შედეგია "მშვიდი ცურვა". პირქუში წიგნია...
ლევან ღოღობერიძე:_ ძალინ ნიჭიერი კაცი იყო, მნიშვნელოვანი მსოფლმხედველობა ჰქონდა, ბევრი რამ მომცა. დროდადრო პოულობდა სხვადასხვა საშუალებას, რომ თავისი ემოცია ძლიერად გამეხატა. როცა საჭიროდ მიაჩნდა, მუსიკას
მიმართავდა, როცა საჭირო იყო, ხატავდა ან წერდა...
ყველა ნიჭიერ კაცთან ძნელია ახლო ურთიერთობა. ხანდახან ნერვებს გიშლის თავისი ნიჭის , ამბიციის გამო. ამას განზოგადებულად ვამბობ. ირაკლიც შეპყობილი იყო ეგოთი.
არაკომუნიკაბელური იყო. რანაირად შედგა ჩვენი ურთიერთობა, არ ვიცი... გაგიკვირდებათ, იმდენად მორიდებული და მორცხვი იყო, გია მირზაშვილთან რომ მივდიოდით, მაჩეჩებდა ფულს, ტაქსის შენ გადაუხადეო. ძალიან განათლებული იყო. არ დამავიწყდება, როგორ საუბრობდნენ ბიჭები მწერლობაზე... როგორც კი მოვკრავდი ყურს, ვთქვათ, რომელიმე მწერალი დაასახელეს, კაფკა ან ბეკეტი, ან სარტრი, აუცილებლად ვშოულობდა და ვკითხულობდი. მახსოვს, რამდენ ხანს ვეძებდი და რა სიმწრით ვიშოვე პრუსტი, რომ წამეკითხა. როცა საუბარში ვიტყოდი, წავიკითხე-მეთქი, ვატყობდი, ზოგჯერ უკვირდა კიდეც და აფასებდა, მაქებდა ხოლმე. მეც ვაქებდი... არ ქებისთვ
ის, არამედ გულწრფელად.
.
როგორც ძმები, ისე ვიყავით. ვამბობ, როგორც ძმები და ცოტა მეხამუშება, რადგან დისტანცია მაინც იყო ჩვენ შორის.ნამდვილი ირაკლი რამდენჯერმე მყავდა ნანახი. მაშინ არ იტყუებოდა, თორემ ზოგჯერ უტრირებდა კიდეც.დიდი სკანდალი იყო საყურის გაკეთება. ვეუბნებოდი, რად გინდა-მეთქი, მაგრამ ვიღაცის ჯიბრზე იკეთებდა. ჩემზე გამბედავი იყო. ისე ჩაცმული გამოვიდოდა ქუჩაში, მე ხან ერთი ნაბიჯით წინ მივდიოდი, ხან - უკან. თბილისი სხვანაირი იყო. ახლა შიშველი რომ გახვიდე, არავინ გეტყვის რამეს, მაგრამ მაშინ «კეპკა» რომ დაგეხურა, ქვას გესროდნენ. ძალიან ხშირად, ამის გამო, ჩხუბი გვიხდებოდა. როგორ ბედავსო, ამას ვერ ეგუებოდნენ. როგორც კი ჩათვალეს, სხვებს არ ჰგავსო, დააბრალეს, ჰომოსექსუალისტიაო. ისეთ ჭორებს უვრცელებდნენ, თმა ყალყზე დამიდგებოდა. ირაკლიმ ჩუმად გადაიტანა თავისი ოჯახის ლანძღვა-გინება. არც კი უთქვამს ჩემთვის რამე. ირაკლის მთელი ცხოვრება ტკივილი იყო და ბრძოლა თავის თავთან.ვიდრე დიპლომატიურ კარიერას დავამთავრებდი, ელჩის მოადგილე ვიყავი ავსტრიაში. წავიყვანე იქ... ქეთათო და ირაკლი ჩემთან ცხოვრობდნენ. ეს უკვე ბოლო პერიოდია... ძალიან ჩაკეტილი იყო, შევატყვე, ავადაც იყო, - უცებ ოფლი დაასხამდა, კენჭის გავლა ჰქონდა ისეთი საშინელი ტკივილით, მეგონა, მოკვდებოდა. ყველაფერი გავუკეთე, რაც ესიამოვნებოდა.სამსახურიდან რომ მოვიდოდი, სულ მისი სიმღერები მესმოდა. მეკითხებოდა: «ეს მოგწონს?» ზოგჯერ თუ ვეტყოდი, «არა»... ამაზე რეაქცია არ ჰქონდა, ისე კი ვიცი, ძალიან არ სიამოვნებდა... ჩემთან იმდენად ახლოს იყო, ამას ასე ვთქვათ, «ყლაპავდა». ეს იყო ბოლო... მგონია, კარგად დავშორდით ერთმანეთს.მე არ მომიყოლია დეტალები, რას ვაკეთებდით. ჩვენ ხომ ისეთი ნაბიჯების გადამდგმელი ვიყავით, რომელიც ფატალურად შეიძლებოდა დამთავრებულიყო. ხანდახან ექსპერიმენტებსაც ვატარებდით... გვინდოდა, სასწაული მომხდარიყო. ერთხელ კონიაკს ვსვამდით, საქანელა სკამზე იჯდა. იცი, რა მინდა ყველაზე მეტადო, აი, უცებ ეს ჭიქა თავისით აიწიოს და ისევ უკან დადგესო. ირაკლიმ იმდენი იბრძოლა, ის ჭიქა თავის თავში ასწია... სწრაფად მიდის ცხოვრება. კიდევ შევხვდებით ერთმანეთს მე და ირაკლი. დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთხელ ჩავეხუტებით.

ეპილოგი

ლოგიკური ჯაჭვი დაბადებიდან სიკვდილამდე არ დაურღვევია ჰაერში საგნების აუხსნელ ტივტივს. არც ეს არის ტრაგედია.

«კალაშნიკოვის ჯერი რომ ესროლათ, მაინც არ გავიწეოდი იმ ადგილიდან, სადაც ვიდექი, რადგან მე ვდგავარ ცენტრში და ეს ჩემი ადგილია, ჩემი ქალაქია და მე ვარ ეს ქალაქი, ეს ხალხი, ის ხალხიც, რომლებმაც ბოთლები და სანთებლები დაგვიშინა. ეს უბედური ხალხიც მე ვარ, ამიტომ აზრი არა აქვს სადმე წასვლას. მე ყოველთვის იქ ვიდექი, სადაც ახლა ვდგავარ და ბოლოს იქ დავწვები, უბრალოდ წამოვწვები და გადავიხურავ ბალახიან მიწას, სულ ეს არის და ეს», - მეფე ირაკლი ჩარკვიანი.

ავტორი ლელა ჯიყაშვილი

ჟურნალი "კვირის პალიტრა" 2009

სურათზე: მარცხნიდან ლევან ღოღობერიძე, ირაკლი ჩარკვიანი, გია მირზაშვილი. 1984 წ.

No comments:

Post a Comment