Saturday, June 26, 2010

„ჩვენ ერის აიბოლიტები ვიყავით“

ირაკლი ჩარკვიანისა და კოტე ყუბანეიშვილის „რეაქტიული კლუბის“ ერთდღიანი გაცოცხლება 13 წლის შემდეგ

გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში თბილისში გაჩნდა ერთგვარი ნონკონფორმისტული შემოქმედებითი ჯგუფი – „რეაქტიული კლუბი“. მისი შემქმნელები იყვნენ ირაკლი ჩარკვიანი და კოტე ყუბანეიშვილი. ახლახან „აჭარა მიუზიკ ჰოლში“ კლუბმა დაარსების 13 წლისთავი აღნიშნა. ეს საღამო იყო ამ კლუბისათვის დამახასიათებელი მუსიკისა და პოეზიის შერწყმა. საღამოზე, ასევე, წარმოდგენილი საცეკვაო ლექსები. მიუხედავად იმისა, რომ კლუბი უკვე კარგა ხანია დაშლილია, ირაკლი და კოტე შეეცადნენ გაეცოცხლებინათ დროის ის მონაკვეთი, რომელიც ერთად და ცალკ-ცალკე განვლეს. 

13 წლის შემდეგ „ახალი ვერსიის“ სახელით ვესაუბრებრე კლუბის დამაარსებლებს – ირაკლი ჩარკვიანსა და კოტე ყუბანეიშვილს.


ირაკლი ჩარკვიანი: „რეაქტიულ პოეზიას“ თავიდანვე ესკულატურული მისია ჰქონდა. ნებისმიერ კრიზისულ პერიოდში ერი უნდა განიკურნოს, რათა გადარჩეს. სწორედ ერის ავადმყოფობაზე ჩვენი – თანამედროვე ხელოვანთა რეაქცია იყო „რეაქტიული პოეზია“. კლუბს თერაპიული მიზნები ჰქონდა. ჩვენ, ფაქტობრივად, „ერის აიბოლიტები“ ვიყავით. კონკრეტულად იმ სტერეოტიპებს ვებრძოდით, რომელმაც ქართველი ერი დეგრადაციამდე მიიყვანა. სტერეოტიპები კი ქართველებს მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში არ გვაკლდა, თუნდაც კომუნიზმი. ჩვენ ვებრძოდით იმ კულტურულ პრესს, რომელიც მე-20 საუკუნეში შესამჩნევად ზემოქმედებდა ქართულ კულტურაზე“. 

კოტე ყუბანეიშვილი: „კლუბი ჩამოყალიბდა ირაკლის სახლში. მასთან ინგლისურს ვსწავლობდი. სწავლების პროცესი თანდათან პოეზიაზე საუბრებში გადაიზარდა. დღე და ღამე ერთად ვიყავით. ჩვენს ირგვლივ წრე შეიკრიბა. ირაკლი გიტარაზეც უკრავდა. როდესაც ჩვენით დაინტერესდნენ გერმანელები, ფრანგები, ამერიკელები, სწორედ მაშინ დავიშალეთ. ჩვენ გვინდოდა შევბრძოლებოდით პროვინციალიზმს, რაც ირგვლივაა გამეფებული. როგორც ხედავ, – ვერ მოვახერხეთ. პროვინციალობა გენიალური და ბუნებრივია, როდესაც ის პროვინციაში ხდება, მაგრამ როცა ცენტრში გადმოდის და ყველაფერს ავიწროვებს, მაშინ უკვე სიმახინჯეა. კარგია, როდესაც გლეხი ყანაშია, მაგრამ გლეხი პარლამენტში – ტეხავს. მუშა ქარხანაში უნდა იყოს და არა მწერალთა კავშირის თანამდებობაზე“.

ირაკლი ჩარკვიანი: „რეაქტიულ კლუბის“ არსებობას, ვფიქრობ, ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვა. მაგალითად, მანამდე ინგლისური მუსიკა და რუსული საზიზღარი პოპსა მოდურად ითვლებოდა. მიაჩნდათ, რომ ქართულად შეუძლებელია როკ-ენ-როლის სიმღერა. თვლიდნენ, რომ ქართული თანამედროვე ენა რუსულთან და ინგლისურთან შედარებით ჩამორჩენილი იყო. ჩვენმა კლუბმა გარდატეხები შეიტანა ცნობიერებაში. მოხდა პატარა, ლოკალური რევოლუცია, რომელმაც მერე თავისი შედეგები გამოიღო და ქართული იმდენად მოდური გახდა, რომ დაიბადა შოუ-ბიზნესი. ჩვენ წავაწყდით მძლავრ წინააღმდეგობებს. ჩვენი შემოქმედების შედეგად ეს სტაგნატური გარსი, რომელიც მე-20 საუკუნეში შეიქმნა ფსევდოპოეზიის სახით, გამოუსადეგარი გახდა. მისი მიმდევრები დღესაც ვერ წერენ თანამედროვე პოეზიას. მათი სახელები კომუნისტებმა გაბერეს. მათთვის ყოველნაირი სიცოცხლის გამოვლინება გამაღიზიანებელია, რადგან ადრე, საკუთარ გარემოცვაში თავს კარგად გრძნობდნენ. კოტე და მე – „რეაქტიული კლუბი“ კი ხელს ვუშლიდით ამ ადამიანებს. მათი პოპულარობა იმ დროისთვის დაეცა, ჩვენი – ამაღლდა“. 


კოტე ყუბანეიშვილი: „ჩვენი კლუბის პარალელურად თბილისში არსებობდა პლეხანოველი პოეტების კლუბი, რომლებშიც შედიოდნენ შოთა იათაშვილი, დათო ჩიხლაძე, გიორგი ბუნდოვანი, ზურა რთველიაშვილი და სხვები. პლეხანოვი და ვარანცოვი არ არის პოეზიის უბნები თბილისში. რაღაც „ქრონოფაგები“ გააკეთეს და რაინდობდნენ. ვერ მიხვდები რაზე წერენ და რა უნდათ. ისინი დღესაც მიედ-მოედებიან. მეოცე საუკუნეში თუ ხელოვანი ხარ, მოაზროვნეც უნდა იყო. მარტო კარგი რითმები აღარავის აინტერესებს.

ყველაფერი თავის ადგილზე უნდა იდგეს. ისეთი სიტუაცია უნდა შეიქმნეს, რომ პროფესიონალიზმი დაფასდეს. როდესაც გამომცემლის წიგნი ერთი-ორჯერ დაიშლება, მეორედ მისი წიგნები ვეღარ უნდა გაიყიდოს. ვინც თეატრში „ფრანკენშტეინი“ დადგა და ჩაუვარდა, იმ რეჟისორმა სხვა სპექტაკლი აღარ უნდა დადგას. 40 წელია ერთი პრეზიდენტი გვყავს, 40 წელია ერთი და იგივე რეჟისორი დგამს სპექტაკლებს, 40 წელია უნივერსიტეტს ერთი რექტორი ჰყავს. ეს არის ყველაფრის მიზეზი. ხალხი კი ამ ყველაფერს ითმენს და ეგუება. ერთი და იგივე სირები კაიფობენ „იუმორინაზე“. ჩვენ ერთსა და იმავე შეცდომას ვუშვებთ უკვე ორი ათასჯერ. არც ჭკუას ვსწავლობთ, არც გამოცდილება გვემატება. ეს სიბნელეა. როდესაც ვიღაც მექადნება, რომ რუსთაველი მაგარიაო, ვხვდები, რომ ბნელ ტიპთან მაქვს საქმე, რომელსაც წარმოდგენა არა აქვს რამეზე. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ რუსთაველი არ მომწონს. ამ ადამიანს თავის იქეთ არ მიმოუხედავს. ასეთი ბნელის არაფერი მაინტერესებს. შეიძლება ბუნებით მაგარი და ერთგული იყოს, მაგრამ მისი არაფერი არ მინდა, რადგან ბნელია“.

ირაკლი ჩარკვიანი: „საერთოდ, კულტურისთვის კრიზისულ მდგომარეობაში ხელოვანთა გაერთიანებები უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ვიდრე ინდივიდუალური შემოქმედება. გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩვენი კულტურა სწორედ იმ კრიზისის ზღვარზე იყო, როცა გაერთიანება საჭირო იყო. საბედნიეროდ, ინდივიდუალისტები საქართველოს არასოდეს აკლდა (თუნდაც ილია ჭავჭავაძე, გალაკტიონი). დაჯგუფებები ხელოვნებაში კრიზისულ მდგომარეობაში ჩნდება. მართალია, ამ კლუბში კოტე და მე ვიყავით, მაგრამ უკვე ვარსებობდით, როგორც ჯგუფი. ჯგუფი კი უფრო ტენდენციურია, ვიდრე ინდივიდუალისტი. ამ შემთხვევაში ჯგუფს უფრო მეტი ძალა აქვს. 

ჩვენი ჯგუფი შემდეგ სწორედ იმიტომ დაიშალა, რომ კრიზისმა გადაიარა. ჩვენი ჯგუფი ჰგავდა ერთჯერად შპრიცს, რომელიც მხოლოდ ერთხელ გამოიყენება. დღეს ჩვენი კლუბის იდეა 13 წლის გახდა. ის უკვე თინეიჯერია და უნდა, რომ დისკოთეკაზე წავიდეს. ამ იუბილეს მთელი მნიშვნელობა ისაა, რომ ჩვენს თანამედროვე მენტალიტეტს უნდა ჰქონდეს რიტმი. ქართველები ფილოსოფიურად და ლიტერატურულად ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდით კულტურულ-ინტელექტუალურ სფეროს, მაგრამ ძალიან ცოტას ვლაპარაკობდით რიტმიკაზე. ამიტომ ეს არის საცეკვაო ლექსების კონცეფცია. ეს პერფორმანსი მოიცავს „რეაქტიული კლუბის“ ლექსებს, რომელიც აცეკვდა თანამედროვე რიტმულ მონახაზებში. ამის ფონი არის სურათი, თუ როგორ იცვლებოდა რიტმიკა ჩვენი ცხოვრების განმავლობაში. 

21-ე საუკუნე საქართველოში ალბათ ინდივიდუალისტების პერიოდი იქნება. პიროვნების ინდივიდუალური განვითარების გზა ჩვენმა ქვეყანამ უკვე აირჩია. ის კრიზისი, რის გამოც „რეაქტიული კლუბი“ გაჩნდა, უკვე აღარ არსებობს. შესაძლოა სხვა სახის კრიზისები გაჩნდეს (ვთქვათ სოციალური), მაგრამ თერაპიული ფუნქცია იმ დაჯგუფებებს, რომლებიც შეიქმნება აღარ ექნებათ. დღეს, როდესაც ადამიანს თვითგამორკვევის საშუალება აქვს და ქვეყანაში არსებობს სიტყვის თავისუფლება, ვთვლი, რომ ასეთ გაერთიანებებს უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. გვინდა დავინახოთ „რეაქტიული კლუბის“ და საერთოდ, ქართული რიტმიკის განვითარების ისტორია“.

No comments:

Post a Comment