Sunday, June 13, 2010

"პროტესტანტი ირაკლი ჩარკვიანი"

_ ბაბუაჩემს მივყავდი ხოლმე საპარიკმახეროში. მაშინ მოდაში იყო `ბოქსი~, `პოლბოქსი~. პარიკმახერმა სუსანამ გამიკეთა ერთხელ `ბოქსი~ და მომეწონა. ამის შემდეგ კარგა ხანს `ბოქსით~ დავდიოდი. ვფიქრობდი, თუ `ბოქსი~ კარგია, ე.ი. გადახოტრილიც კარგი იქნება-მეთქი. მინდოდა სუსანასთვის მეთქვა, მაგრამ ერთხელ მას ხელი თავისით `წაუცდა~ და უთქმელადაც გადამპარსა.

_ მოგეწონა სუსანას ხელობა?

_ მომეწონა, `უგალოვნიკს~ ვგავდი... მაშინ მოდაში იყო, რომ იტყოდნენ, ქუჩაში გამოსულზე _ ძმაო, ქურდია და რამეო... ამიტომაც მომეწონა `უგალოვნიკს~ რომ დავემსგავსე, ასე უფრო `კრუტოი ვიდი~ მქონდა, თმაში უფრო `პაპსავიკი~ ვიყავი.

_ ძნელი იყო შეჩვევა?

_ არა, მიჩვევა პრობლემა არ ყოფილა, რადგან მოვლა არ სჭირდება, ნევროზი არ გემართება, თმა როგორ დაიყენო. უკან, კეფაზე მეხვეოდა თმა და ეგ არ მევასებოდა, ამიტომ პრობლემაც გამიქრა. გადაპარსული რომ ხარ, გელი არ გჭირდება, ჩალიჩი... ჯერ უნდა დაგეხარჯოს ნახევარი საათი, მერე ქარია, წვიმაა... ნამდვილად ზედმეტი ნევროზია თმა...

_ ახლაც სხვა გპარსავს?

_ არა, ხან მე, ხან _ ქეთათო. სპეციალური საპარსი მაქვს. ერთ წუთში ვიპარსავ. თუმცა ახლა 1 სმ-ზე ვიტოვებ.

_ არ მოუშვებ?

_ არა, მერე უკვე პრობლემები დაიწყება.

_ ქალების დამოკიდებულება თუ იცვლება, როცა კაცი მელოტია?

_ ვერ გეტყვით, რადგან ქალებს თმიანიც ვევასებოდი და ასეც. მგონი, ქალებს ეს პრობლემას არ უქმნის, თუ მოსაწონი ხარ და კარგი `ნაშა~, ისედაც კარგი ხარ _ 100 სმ-იანი თმა რომ გქონდეს და ისეც, სულ რომ არ გქონდეს.

_ მელოტი ქალი სჯობს თუ გრძელთმიანი?

_ მევასება, როცა ქალს გრძელი თმა აქვს, წელამდე. სულ ვეუბნები ქეთათოს, გაიზარდე-მეთქი, მაგრამ არ მეთანხმება. გადაპარსულიც მევასება, თუ კარგი `ნაშაა~, გადაპარსულიც კარგია.

_ ტილები თუ გყავდა ბავშვობაში?

_ სულ მაინტერესებდა, რა იყო ტილი, მაგრამ არ მიჩნდებოდა, ძალით ვერ გადავიდე. მახსოვს გოგონებზე იტყოდნენ სკოლაში, ტილები ჰყავდა და გადაპარსესო... რა ვქნა, დღემდე არ ვიცი, რა არის ტილი.

_ ირაკლი, თმას თუ აქვს სამყაროსთან რამე კავშირი?

_ იგი ინფორმაციის მატარებელია. თუ ვთქვათ, ცუდ ხასიათზე იყავი, ვარიანტი არ არის, ეს ინფორმაცია თმამ არ შეინახოს, მაგრამ დიდხანს არ ინახავს. როცა უარყოფითი ემოციებით დავიტვირთები, გადავიპარსავ და უცებ თითქოს არაფერი არ ყოფილა, თითქოს თავიდან დავიბადე. მოკლედ, მედიტაციის მსგავსია. თუ `ჩართული~ ხარ იმაზე, რომ გადაპარსვით (ამასაც მიჩვევა სჭირდება) ინფორმაციისგან `იბანები~, მაშინ მართლა `იბანები~...

_ თმის გადანერგვას როგორ უყურებ?

_ პოზიტიურად, მაგრამ (იცინის) რომ გავიკეთო, ძალიან უნდა მინდოდეს. თუ გადანერგვა უნდა ადამიანს, გაიკეთოს, ნება მისია. ჯერ ეს სურვილი ნამდვილად არ გამჩენია, მაგრამ თუ გამიჩნდა, გადმოვინერგავ.

_ ამბავი, რომელსაც შენი თმა გახსენებს?

_ ერთხელ სკოლის დირექტორმა (გრძელი თმა მქონდა, ეგეთი უბედურებაც მჭირდა), თმაში ჩამავლო ხელი და დაფაზე თავი მიმარტყმევინა.

_ დირექტორი ვინ იყო?

_ არ მახსოვს... მაგრამ ის კი მახსოვს, როგორ ძლიერ მომქაჩა და როგორ მიმარტყმევინა. ო, ეს არასოდეს დამავიწყდება. სკოლის გახსენებისას, ეს სცენა მახსენდება და... საზიზღრობა იყო სკოლა, კიდევ კარგი, რომ სკოლაში არ დავდივარ (იცინის)...

No comments:

Post a Comment