Monday, June 7, 2010

ინტერვიუ "ამო"_ზე

წამყვანი: ეკა წამალაშვილი, თბილისი
გამარჯობათ. ვიწყებთ “ახალგაზრდულ პროგრამას”.
მას რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში ეკა წამალაშვილი და დათო პაიჭაძე ვუძღვებით. ჩვენი გადაცემის მორიგი სტუმარი ირაკლი ჩარკვიანია. დღეს მისი თანხლებით ვისაუბრებთ. შემოგთავაზებთ ინტერვიუს ირაკლი ჩარკვიანთან. მანამდე კი, მცირე განმარტება ამ საინტერესო ადამიანის წარსულის და სამომავლო გეგმების შესახებ. ანუ ვინ არის ირაკლი ჩარკვიანი, რა მიზანი დაისახა მან მაშინ, როცა პროტესტის ფორმად როკი აირჩია, რას აპროტესტებს ის დღეს და რა ეტაპზეა კონცეფცია “ამო, გაივსე, ელექტროლექსი ანუ შოკი და გაანათე.”

[ირაკლი ჩარკვიანის ხმა] “ უნდა იყო სავსე, მთავარი არის ეს. სისავსე ჩემთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამიტომ ჩემი შემდეგი კონცეფცია შეიძლება იყოს სავსე და, თუ მე დაგარტყი სავსემ, მაშინ გაგანათებ. მოკლედ, ჯერ უნდა ამოხვიდე, მერე უნდა აივსო და მერე უნდა დაარტყა.”


დარტყმა განათებისთვის ირაკლი ჩარკვიანმა დიდი ხნის წინ დაიწყო, - მაშინ, როცა საბჭოთა საქართველოს რეალობაში, რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად, კლასიკური ანდერგრაუნდი როკ-ჯგუფი ჩამოაყალიბა. ეს სტუდენტობისას, 70 იან წლებში, მოხდა. ირაკლი ჩარკვიანის როკ-ჯგუფი იყო უცხო და მიუღებელი საბჭოთა აზროვნებისთვის, მას ანგრევდნენ, სანამ თვითონ საბჭოთა კავშირი არ დაინგრა. ამდენად, საბჭოა ეპოქის დასასრულამდე ჯგუფი იატაკქვეშეთში არსებობდა და, როცა გარეთ გამოსვლის შანსი გაჩნდა, გამოვიდა ჯგუფ “საბავშვო მედიცინის” სახით. მეგობრებთან ერთად ირაკლი ჩარკვიანი მუსიკალურ თერაპიას ბავშვთა სახლებში ატარებდა. “საბავშვო მედიცინა” იყო ახალი კონცეფცია იმ მიზნით, რომ ამ ბავშვებისთვის სხვა მუსიკა დაენახვებინა, დაპირისპირებოდა საბჭოთა ცუდი მუსიკის გავლენას, მუსიკას, რომელზეც ამ ბავშვების მშობლები გაიზარდნენ და საკუთარი შვილების სიყვარული ვერ ისწავლეს. აქციებმა გაამართლა, თუმცა მოხდა ისე, რომ ჯგუფმა “ საბავშვო მედიცინამ” მოსკოვში გადაინაცვლა. ბაშვთა სახლებში შეხვედრები იქ აღარ გაგრძელებულა. მოსკოვში თვითონ ჯგუფის წევრები გრძნობდნენ თავს უპატრონოებად. დადა დადიანი ინგლისში წავიდა, ირაკლი ჩარკვიანი კი - გერმანიაში. “საბავშვო მედიცინა” დაიშალა, მაგრამ დარჩა მიზანი “დაარტყი და გაანათე” და უკვე 90 იან წლებში “რეაქტიული კლუბი” შეიქმნა. გამოიცა ორი წიგნი და ჟურნალი “ლტოლვილი”. ეს იყო ახალი წინააღმდეგობა, რეაქცია ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე და რეაქცია ომზე. “ჩვენ არ ვიყავით წინააღმდეგი სულიერი ომის, პირიქით, ჩვენ დავუპირისპირდით ომს, რომელსაც ნგრევა და მსხვერპლი ახლდა,” –იხსენებს ირაკლი და დასძენს, რომ “რეაქტიულმა კლუბმაც” გაამართლა: შეძლო პოეზიის სოციალურ და ძალიან პრაქტიკულ რამედ წარმოჩენა, საბჭოთა პერიოდის პოეტის ანომალიური სახის დანგრევა და ადამიანი –პოეტის შექმნა. “ ამ საზოგადოებამ დაინახა, რომ პოეტი ჩვეულებრივი მოკვდავია და ეს ჩვენი დიდი დამსახურებაა. დღეს ჩემი მიზანია ზემოთ ავწიო გემოვნება, გამოვაფხიზლო ადამიანები და დავანახვო მათ ის, რასაც უნდა ხედავდეს ან რასაც ხედავს, მაგრამ არ უნდა, დაინახოს, იმიტომ რომ საზოგადოების აზრს უწევს ანგარიშს,”- ამბობს ირაკლი ჩარკვიანი.

კონცეფცია “ამო, გაივსე, ელექტროლექსი და გაანათე” ნელ-ნელა ელექტროლექსის სტადიას უახლოვდება. ეს უნდა იყოს შოკი, დარტყმა, დაახლოებით ისეთი, როგორიც ელექტროენერგიას ახასიათებს. ამ დარტყმამ უნდა გაანათოს. აი, ასეთია მიზანი ადამიანის, რომელიც 20 წელია ცდილობს ჩვენი საზოგადოების აზროვნებაში გარღვევას. მას ბევრი ვერ უგებდა და ვერც დღეს გაუგებს, იმიტომ რომ ეს არის გაუგებრობა თავისუფლების, გაუგებრობა ღია და ჩაკეტილ სამყაროებს შორის, კულტურით მოვაჭრეებსა და არამოვაჭრეებს შორის. ირაკლის აზრით: “კულტურა აქ უნდა შექმნა. კულტურით არ უნდა ივაჭრო. ეს ხალხი ვერ ხვდება, რომ ამ ვაჭრობით სულიც ცვდება. რომ გაიხსნა, უნდა იყო სუფთა. ხოლო, რომ გასუფთავდე, გარკვეული რიტუალები უნდა გაიარო. სულიერი სტრიპტიზის დრო თუ არ დადგება, ჩვენი კულტურა წინ ვერ წავა. ჩვენი საზოგადოება, ჩვენი კულტურა ჯერ არ არის მზად გახსნისთვის, იმიტომ რომ არ არის სუფთა”.

[ირაკლი ჩარკვიანის ხმა] “ბევრი ხედავს და ეშინია რაღაცების თქმის, ჰგონიათ, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოების აზრი მათზე. მე ამის წინააღმდეგი ვარ. მე ფეხებზე მკიდია საზოგადოება. მე რასაც მინდა, იმას ვამბობ, რასაც მინდა, ყოველთვის ვამბობდი და ამით ვეხმარები რამდენიმე ადამიანს, დაძლიოს შიში და გახდეს უფრო თავისუფალი.”

No comments:

Post a Comment