Friday, June 4, 2010

დაველოდოთ მონსტრის დაბადებას

დაველოდოთ მონსტრის დაბადებას“
ირაკლი ჩარკვიანი: „ჰო, საქართველოში არ არსებობს თვით კულტურა, რომლის წინააღმდეგაც უნდა იყოს მიმართული კონტრკულტურა. არსებობს პოპი და არსებობს მისი საწინააღმდეგო კონტრკულტურა, მაგრამ პოპი ჩანს და კონტრკულტურა – არა. არსებობს უსახური პოპსა, რომლის წინააღმდეგაც კონტრკულტურა ვერ გამოვა, რადგან თავად პოპსა არ არის კულტურა. როცა არ იცი, ვის უნდა ებრძოლო და იბრძვი, ეს უკვე სიგიჟეა. საერთოდ, ებრძვი მას, რაც არსებობს და არა იმას, რაც არ არსებობს. კომუნისტების დროს კონტრკულტურა ჩვენ ვიყავით.
არსებობდა კომუნისტური ფასეულობები, კულტურა, რომელსაც ვებრძოდით და ამიტომ ვჩანდით. ახლა ძველ კონტრკულტურას შანსი აქვს, თავისი გემოვნებით მეინსტრიმი გახდეს. თუ ეს ოფიციალური კულტურა გახდა, მერე ვინც ამას დაუპირისპირდება, ის იქნება კონტრკულტურა. დასავლეთში კონტრკულტურა ბურჟუებს, კაპიტალისტებს ებრძოდა, ამიტომ დასავლეთელი კონტრკულტურის წარმომადგენლები მემარცხენეები იყვნენ. ჩვენთან არ არსებობს არც კაპიტალიზმი, აღარც სოციალიზმი. ხოლო თუ იმას შეებრძოლები, რასაც იქ ეწინააღმდეგებიან, აბსურდს მივიღებთ. ჩვენ კომუნიზმს ვებრძოდით და მაშინ დასავლურ პოპსას ვუკრავდით. ხოლო დღევანდელი პოპსა ის კულტურა არ არის, რომელსაც კონტრკულტურა უნდა შეებრძოლოს. თუკი ჩამოყალიბდება რაღაც ფასეულობა, კულტურული მონსტრი, მაშინ მის წინააღმდეგ გაილაშქრებენ. დაველოდოთ ასეთი მონსტრის დაბადებას“.

No comments:

Post a Comment