Monday, June 7, 2010

მუსიკა

დავით კაკაბაძე, პრაღა
ირაკლი ჩარკვიანის ახალი ალბომის გამოსვლასთან დაკავშირებით, შემოგთავაზებთ ამ მუსიკოსის პორტრეტის რამდენიმე შტრიხს;
ირაკლი ჩარკვიანის ახალი დისკი

დავით კაკაბაძე:
ამ რამდენიმე დღის წინათ თბილისის ლიტერატურულ კაფეში ირაკლი ჩარკვიანის ახალი დისკის პრეზენტაცია გაიმართა. "სავსე" - ასე ეწოდება ალბომს, რომელიც სამამულო წარმოების დისკებისთვის უჩვეულოდ დაბალ ფასად, 11 ლარად, იმავე ლიტერატურულ კაფეში იყიდება. თავად მუსიკოსის თქმით, ახალი დისკი მის შემოქმედებით ცხოვრებაში ახალი ეტაპის დასაწყისად შეიძლება მივიჩნიოთ. რატომ? ამის დადგენას თამარ ჩიქოვანი შეეცადა.

[ირაკლი ჩარკვიანის ხმა] "იმდენად ამოწურული ვარ, ამ თვალსაზრისით, და იმდენად სავსე, - ამიტომ ჰქვია ალბომს "სავსე" - რომ, ფაქტობრივად, აღარ მყავს არავინ, ვისაც შემიძლია რამე დავაბრალო. ერთადერთი მთავარი გმირი ამ ალბომში და ჩემს დღევანდელ დღეს არის ირაკლი ჩარკვიანი - აბსულოტურად სრული და მთლიანი."

თამარ ჩიქოვანი:
როგორია სრული და მთლიანი ირაკლი ჩარკვიანი? ზუსტად ისეთი, როგორიც იგი 80-იანი და შემდგომი წლების თაობებს ახსოვთ: ოდნავ ირონიული, ოდნავ ნაღვლიანი და ძალიან განსხვავებული. არ ვიცი, რომელ მომღერალს მოუვიდოდა თავში იდეა, საკუთარი მუსიკალური სტუდიისთვის "მანგო-ზანგო" დაერქმია. სწორედ თავის "მანგო-ზანგოში" ჩაწერილ პირველ დისკს ჰქვია "სავსე", რომელშიც 14 სიმღერაა შესული. ამ 14 სიმღერიდან ერთი სიმღერა ქეთათოს ეკუთვნის, ერთ კომპოზიციაში მტირალა ბავშვის პარტიას ერთი თვის ნანა ჩარკვიანი ასრულებს, ერთი სიმღერის ავტორი კი მაქსიმე ჩარკვიანია. ამ სიმღერის ტექსტი საბჭოეთში აღზრდილი ადამიანისთვის კარგად ცნობილია - იმედია, საქართველოში ჯერ კიდევ ახსოვთ მაიაკოვსკის "Читайте, завидуйте..." ხომ არ მოეძალა ირაკლი ჩარკვიანს საბჭოეთის ნოსტალგია?

[ირაკლი ჩარკვიანის ხმა] "თვითონ ნოსტალგია იმ საბჭოთა კავშირისადმი არ არის, რა თქმა უნდა. ეს არის, უბრალოდ, ნოსტალგია მაიაკოვსკისადმი, ჩემი შვილისადმი სიყვარული, რომელიც არცთუ ისე ხშირია - იშვიათად ჩამოდის - ეს ჩემი და ჩემი შვილის კავშირია, ეს ჩემი და მაიაკოვსკის კავშირია, ეს საბჭოთა კავშირია და ჩემთვის მთავარი აქ ესთეტიკაა და არა ის, რაც იყო საბჭოთა კავშირი, იმ თავისი საშინელი ფორმებით, რომელიც მახსოვს და არავითარი სურვილი არ მაქვს, ეს განმეორდეს და კიდევ ვნახო." (სტილი დაცულია)

ვინ არის ირაკლი ჩარკვიანის მსმენელი? - მისი აზრით, კულტურული ადამიანები, ვისაც ნამდვილი მუსიკა უყვარს:

[ირაკლი ჩარკვიანის ხმა] "მე მაინც მგონია, რომ ეს მუსიკა მაინც ეკუთვნის კულტურულ ადამიანებს. არა მგონია, რომ შეიძლება ეს მუსიკა ატრიალო ცუდ რესტორანში."
და თუ ეს ასეა - ანუ თუ ირაკლი ჩარკვიანის მუსიკა კულტურულ ადამიანებს ეკუთვნით - შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში კულტურული ადამიანების სიმცირე ნამდვილად არ შეინიშნება. ჯერ ერთი, ირაკლი ჩარკვიანის ერთ-ერთი დისკის "ამოს" ყიდვა, პრაქტიკულად შეუძლებელია. და მეორე - ირაკლი ჩარკვიანის სიმღერებს ნოემბრის მოვლენების პერიოდში ათი ათასობით ადამიანი სიამოვნებით ისმენდა. დღეს ირაკლი ჩარკვიანი კვლავ სავსეა ოპტიმიზმით. იგი დარწმუნებულია, რომ ახალი ეპოქა ადამიანებს მეტი თავისუფლების შანსს აძლევს:

[ირაკლი ჩარკვიანის ხმა] "მთავარი, ძალიან მნიშვნელოვანი ეს არის - დრო. და დროის შეგრძნება. და დღეს ჩვენ, საქართველო, ფაქტობრივად, მსოფლიო დროს დავუბრუნდით. ანუ დღეს ჩვენ იმ დროში ვიმყოფებით, რომელშიც იმყოფება სამყარო. და ჩვენ თუ ამას გავაცნობიერებთ, ჩვენ ხვალ ვიქნებით უფრო ბედნიერები, ვიდრე ვართ დღეს. ამის შანსი გვაქვს დღეს. იმ ეპოქაში ამის შანსი არ გვქონდა. იქ იყო ერთ დრო."

რაც შეეხება პოპულარობას - დიახ, მას ცნობენ. დიახ, მისი სიმღერები მოსწონთ და უსმენენ. და მაინც, ეს, პოპულარობა, მისთვის უცხო არ არის, რადგან მიაჩნია, რომ ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო:

[ირაკლი ჩარკვიანის ხმა] "ყოველთვის რაღაც დონეზე მოდური ვიყავი. არ ვიცი, რატომ - ხანდახან მეტად, ხანდახან ნაკლებად, მაგრამ ეს ტალღისებური განვითარება ჩემში ყოველთვის იყო. ანუ ეს არ არის მხოლოდ მუსიკა. ირაკლი ჩარკვიანი რაღაც ყოველთვის იყო. რატომ იყო - წარმოდგენა არა მაქვს, მაგრამ იყო. ამიტომ არაფერი უცხო არ არის. ანუ დღეს მოდური ხარ, ხვალ არ ხარ მოდური. ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, რომ შენ შეინარჩუნო შენი მოდურობა. ყოველთვის იყო მოდური."

No comments:

Post a Comment