Friday, June 4, 2010

რა აშფოთებს ირაკლი ჩარკვიანს

რა აშფოთებს ირაკლი ჩარკვიანს

ვფიქრობთ, რომ დღეისათვის ასეთი მუსიკოსი, რომელიც ასე თუ ისე მწვავედ ასახავს დღევანდელ რეალობას და, ამავე დროს, მის შემოქმედებაში კომერციის ელემენტებიც შეიმჩნევა, ირაკლი ჩარკვიანია. მის ბოლო ნამუშევარში, რომელსაც „ამო“ ჰქვია, ანალოგიური სახელწოდების სიმღერაცაა. მასში იგი ამბობს: „ნუღარ უყურებ ჭერს, თუ არ უშველი თავს, არავინ გაგიღებს კარს. წელს აღარ ახსოვხარ ძველს, ვერ გადაგარჩენს ხვალ, ვერ გააღვიძებ ხალხს, თუ არ გაანძრევ ხელს და არ გატეხავ კარს. და მერე თუ არ მიაჭერ გაზს, ისევ დაგიჭერს ის, ვინც ვერ უშველა თავს“. ირაკლი ყოველთვის თვითონაა საკუთარი სიმღერების ტექსტის ავტორი და ეს ტექსტები ხშირად სწორედ სოციალური ჟღერადობისაა.
ირაკლი ჩარკვიანი: „თანამედროვე ქართული მუსიკა დღეს ნაკლებად პრობლემატურია. არადა, მეტი სოციალური მუხტი უნდა იყოს, რადგან ირგვლივ ბევრი სიმწვავეა. ახალგაზრდები ამას არ გამოხატავენ თავიანთი შემოქმედებით. მათი მიდგომა მუსიკის მიმართ ძალიან კომპრომისულია, რაც, ცოტა არ იყოს, შემაშფო-თებელიცაა. ყოველ შემთხვევაში, მე მგონი, ეს ჩვენი კულტურული ჩაკეტილობის ბრალია. დასავლურ კულტურებში ჩვენ ვხედავთ, რომ ამ მხრივ ახალგაზრდები აქტიურები არიან. ეს კიდევ იმის ბრალია, რომ საუბედუროდ, საქართველოში არ განვითარდა დემოკრატიული ინსტიტუტები და როკ-ენ-როლი – დემოკრატიის მუსიკა. საუბედუროდ, სოციალურად აქტიურ მუსიკაში მე დღეისათვის ვერავის ვხედავ. ეს ცუდია.
======================================
ჩვენი ახალგაზრდები ნაცადი, უკვე განვლილი გზებით მიდიან და ეთნოგრაფიულ მუსიკას ეჭიდებიან, რომელიც მსოფლიოში 60 – 70-იანი წლებიდან არის მიღებული. არავის უჩნდება სურვილი, მუსიკით გამოხატოს საკუთარი აზრი დღევანდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ეს, ალბათ, ჩვენი ხასიათის კომპრომისულობა და აღმოსავლური შემგუებლობაა, რომელიც ძალზედ თვალშისაცემია.
======================================
საერთოდაც, ჩვენს კულტურაში ძალიან ცოტანი იყვნენ ისეთები, რომლებიც პროტესტს გამოთქვამდნენ, ამიტომ იმის ილუზია არა მაქვს, რომ დღეს ვინმე გამოჩნდება და პროტესტს ასე მკაფიოდ გამოხატავს. თუნდაც 90-იან წლებში ერთი „რეაქტიული კლუბი“ იყო და ორი-სამი მსგავსი არსებობდა. 80-იანებშიც ძალიან ცოტანი იყვნენ. ჩვენთან რევოლუცია ყოველთვის ელიტურია. არასოდეს ხდება ნორმალური სვლა, რადგან ეს არ არის მასობრივი. ჩემი აზრით, ეს დამღუპველია საერთოდ ქვეყნისთვის. ახალგაზრდები იმ საკითხებში ერთიანდებიან, რომელიც აბსოლუტურად ჩაკეტილი და კონსერვატორულია და არა იმ საკითხებში, რომლებმაც შესაძლოა ქვეყნის ბედი გადაწყვიტოს.

არც ერთი დამრღვევი ახალგაზრდა არ ჩანს. ჩვენ თაობაში ასეთი დამრღვევები ვიყავით: მე, კოტე ყუბანეიშვილი და კიდევ სხვები, ანუ იყვნენ ისეთები, რომლებიც არღვევდნენ იმ წესებს და საზოგადოებას აიძულებდნენ, ადრენალინი გამოეყო. დღეს ახალგაზრდებს შორის ასეთ პერსონაჟს ვერ ვხედავ. ესენი არიან ყველაფერთან შეგუებულები, რომელთაც სურვილიც კი არ უჩნდებათ, რომ სოციალურად აქტიური პოზოცია გამოხატონ და მიღებული წესრიგი დაარღვიონ.

„ზუმბას“ შემოქმედებაში ირონია იგრძნობა, მაგრამ მათი აქტიური პოზიცია მე ჯერ არ დამინახავს. მიკვირს, რომ ჩემი სიმღერის, „შენ აფრენ!“ შემდეგ გარღვევის მცდელობა მაინც არ იგრძნობა. ეს ნაღდად არ არის კარგი. ეროვნულმა მოძრაობამ ახალგაზრდების მუსიკალური პროტესტი იმ თვალსაზრისით ჩაკლა, რომ ახალგაზრდებმა გააკეთეს მხოლოდ ერთი დასკვნა – მათი პოლიტიკურ აქტივობის შედეგად შესაძლებელი იყო ისინი პარლამენტში მოხვედრილიყვნენ და ამით ფინანსური მომავალი გასჩენოდათ. ეს, უბრალოდ, ცხოვრებასთან პრაგმატული დამოკიდებულებაა. დასავლეთისგან განსხვავებით, აქ ადამიანს ერთადერთი შანსი აქვს – გახდეს პოლიტიკოსი. მხოლოდ მაშინ ექნება ფინანსური დივიდენდები და შეძლებს ცხოვრებას. ეს, საუბედუროდ, ამ საკითხისადმი ძალიან პრაგმატული, ვიწრო და აღმოსავლური მიდგომაა“.

როგორც ირაკლი ჩარკვიანის საუბრიდან ჩანს, დემოკრატიული მუსიკა საქართველოში განწირულ მდგომარეობაშია და მას მომავალი არ ექნება, თუ ახალგაზრდები არ გამოფხიზლდებიან და შეეგუებიან მარაზმს ყოველდღიურობაში. რა თქმა უნდა, კარგი იქნება თუ მომავალში ამ თემის განსახილველად ჟურნალისტები მხოლოდ ირაკლის, ლადოს, რობის, ზაზას და ბესელას არ მივმართავთ და ახალი სახეებიც გამოჩნდებიან, თორემ ირგვლივ მომრავლდნენ „დამპალი ვაშლის გამყიდველები“, რომლებიც „ისევ გაცვამენ ჯვარს, ისევ ჩაგსვამენ იქ, სადაც სვამენ ამ ბნელ ხალხს“.

No comments:

Post a Comment