Sunday, June 13, 2010

როგორ სჯიდნენ კანდიდ ჩარკვიანი და გელა ჩარკვიანი ირაკლის...

ჟურნალი ბომონდი 2002 წელი


როდის შეიძლება მოგიჯახუნოთ ირაკლი ჩარკვიანმა კარი?!

მას ყოველი დილა ახალ შანსს აძლევს, ყოველი დილა ახარებს... ცდილობს გაიმარჯვოს და იმარჯვებს კიდეც... მას შეუძლია მოცემული შანსი გამოიყენოს, დრო ფუჭად არ დაკარგოს... აღწევს კიდეც დასახულ მიზანს... დღითიდღე ძერწავს საკუთარ თავს, ხვეწს და იგონებს თამაშს საკუთარი თავისთვის. მერე თამაშობს საკუთარ თავს საკუთარ თავთანვე. იცის, რომ ეს ძნელია, მაგრამ მაინც... მიაჩნია, რომ თუ თავთან თამაში შეგიძლია, ე.ი. კარგი მსახიობი ხარ _ ეს მისი თქმით, სტილის შენარჩუნებაა, სტილი კი ირაკლისთვის ყველაზე მთავარია.
თქვენს წინაშეა ორიგინალური და საინტერესო მოსაუბრე ირაკლი ჩარკვიანი.

_ვის აქვს შენი გაღვიძების უფლება?

_ყოველ დილით მაღვიძებს ჩემი ძაღლი `კაფკა ~. უნდა, რომ ლოგინში ჩამიწვეს, არ ჩერდება, ყეფს და მლოკავს, ჰოდა, ჩემი ყოველი გაღვიძება ყეფითი და ლოკვითია(იცინის).

_ასეთი გაღვიძება ცუდ გუნებაზე არ გაყენებს?

_პირიქით, ჩემს ძაღლს ისე უხარია ჩემი გაღვიძება, რომ მეც კარგ განწყობაზე ვდგები.

_წინასწარ გეგმავ დღეს?

_ხანდახან კი, თუ არ მაქვს დაგეგმილი დღე, მშვენივრად ვარ, ვასეირნებ ძაღლს, ვუკრავ გიტარაზე, ვიგონებ სიმღერას.

_დღეს რას აკეთებდი?

_კომპიუტერში ვხატავდი.

_სალანძღავი სიტყვები შედის შენს ლექსიკონში?

_კი, ოღონდ მცირე რაოდენობით.

_კონტროლდაკარგული ირაკლი თუ უნახავს ვინმეს?

_კი, ირგვლივმყოფთ სასტიკად ვაშინებ.

_ამ დროს ვის შეუძლია შენი დამშვიდება?

_ქეთათო მამშვიდებს.

_ქეთათო თუ გსაყვედურობს?

_კი, ძირითადად იმაზე, რომ დიდ დროს ვატარებ კომპიუტერთან.

_და ყურადღებას აკლებ?

_არა. უბრალოდ მიფრთხილდება, რომ ბეჭებში არ მოვიხარო და არ მოვიღრიცო.

_შენ თუ უფრთხილდები?

_ვცდილობ, გავუფრთხილდე.

_ქეთათომ გითხრა, რითი მოხიბლე?

_კი, პირველად ტელევიზორში, მეორე არხზე ვუნახივარ სერგისთან და ჩემი საყურე მოსწონებია, მერე ჩემმა სიმღერამ, სიფათმა და უკონტროლო გამომეტყველებამ დატოვა მასზე წარუშლელი შტაბეჭდილება. სცენაზე აბსოლუტურად უკონტროლო ვარ.

_ქეთათომ რითი მიიპყრო შენი ყურადღება?

_პირდაპირ გავუღე გულის კარი, გადამესანსლა, გადამეყლაპა.

_როგორ გრძნობს თავს `გადაყლაპულის~ ამპლუაში?

_მგონი ბედნიერია, დიდი თევზი რომ გადაყლაპავს პატარას, იმ
პატარას ხომ ხვდება უცხო სამყარო? ასე დახვდა ქეთათოსაც ლამაზი, უცნობი და დიდი სამყარო.

_სამყარო, რომელიც მარტო ქეთათოსია?

_რა თქმა უნდა, ახლა ჩემი სამყაროს დედოფალი ქეთათოა.

_შენს სამყაროში რომ მოინდომონ შემოჭრა?

_გააჩნია რა თვალსაზრისით შემოიჭრებიან, თუ მუსიკასთანაა კავშირში და კარგად იხდიან, შემოვუშვებ, თუ არა და ცხვირწინ მივუჯახუნებ კარს. ისე, საქმეზე მოსული ხალხი მიყვარს.

_პირველად რომ დაინახე ქეთათო, იგრძენი, რომ შენი მეორე ნახევარი იპოვე?

_საერთოდ ასე უცებ ვერ ხვდები ამას. ერთად უნდა იყოთ, რათა მიხვდე, დარწმუნდე, რომ ეს ნამდვილად ასეა.

_როდის მიხვდი, რომ მეგობრული ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა?

_ამისთვის თითქმის 1 წელი დამჭირდა.

_ყველაფერში ორიგინალურს, სიყვარულიც ასეთი გეცოდინება...

_თუ სიყვარულში არ ხარ ორიგინალური, ე.ი. საერთოდ არაორიგინალური ხარ.

_შეყვარებულობის `სიგიჟეები~ გაგიკეთებია?

_შეყვარებულობისას მეტი სიმღერა დამიწერია...

_როგორ უტყდები სიყვარულში გრძნობის ობიექტს?

_მე `გამოტყდომა~ არ ვიცი, პირდაპირ ვეუბნები, თუ გასაგები არაა... უნდა იგრძნო. ამას მტკიცება არ ჭირდება, თვალებში უნდა იკითხებოდეს.

_ე.ი. სიყვარული ირაკლის თვალებში იკითხება?

_კი და ქეთათოს თვალებშიც თანდათან იგივე ამოვიკითხე.

_ინიციატორი ქალები შენში რა რეაქციას იწვევენ?

_არ მაღიზიანებენ, ქალმა აზრი უნდა გამოხატოს, ლოდინი, როდის ეტყვიან რაიმეს, არასწორია. თუ შეყვარებულია, უნდა შეეცადოს დახვეწილად თქვას სათქმელი. თავშეკავება ქალის ნერვულ სისტემასაც აზიანებს და იმ კაცისაც, ვინც უყვარს.

_ჩვენი მენტალიტეტიდან გამომდინარე, ხშირად დამარცხებისა და დამცირების შიშით თავშეკავებას არჩევენ.

_მართალია, მაგრამ მერე რა, თუ დამარცხდი? სხვა დროს გაიმარჯვებ. თუ არ დამარცხდები, ვერ ისწავლი გამარჯვებას. ეს თამაშია: ხან წააგებ, ხან მოიგებ. ეს თამაშია გრძნობების სფეროში.

_შენ კარგად თამაშობ ურთიერთობებში?

_ჩვენ ის ვართ, რასაც ვთამაშობთ, როგოც შეგვიძლია, ზუსტად ისეთები ვართ.

_შენ არ დამარცხებულხარ სიყვარულში?

_ბევრჯერ, მაგრამ ჭკუა მისწავლია კიდეც.

_ე.ი. მებრძოლი სულის ხარ და ფარ_ხმალს არ ყრი?

_არა, ყოველი დილა ახალ შანსს გაძლევს. არ უნდა გახსოვდეს ის, რომ დამარცხდი, მერე სხვა სიტუაცია გეძლევა _ საომარი, უნდა ეცადო და გაიმარჯვო, ეს სწავლის პროცესივითაა. შესაძლებლობები უნდა გამოიყენო.

_ცუდ მოგონებებს არ იტოვებ?

_არა, თუმცა მაინც მრჩება რაღაც.

_რას ნანობ განსაკუთრებით?

_არ ვნანობ, ცხოვრებაში ისეთი ეტაპი არ მქონია, მისი მეხსიერებიდან ამოშლა რომ მდომოდა. ბევრი ცუდი და კარგი მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ეს კი გამომადგა იმისთვის, რომ ვყოფილიყავი ისეთი, როგორიც ვარ. თუ რამე ამოვშალე და შევცვალე, ის აღარ ვიქნები. მიხარია, რომ დღემდე მოვაღწიე და ასეთი ვარ. მინდა უკეთესი ვიყო, თუმცა ზოგისგან განსხვავებით ჩემს თავს არ ვემდური.

_როცა გრძნობ, რომ `გაბამენ~, როგორ იქცევი?

_არ `ვებმები~, ამის მიზეზს ვერ ვხედავ.

_ადრე ადვილი იყო შენი მოხიბლვა?

_ძნელი იყო, საერთოდ თუ ზუსტად არ ვიცი, რა მინდა, იმას არც ვაკეთებ, თუმცა იშვიათია, ძალიან რომ მინდოდეს რაიმე.

_თუ რამე გინდა, მიზანს ყოველთვის აღწევ?

_ძალიან ხშირად.

_დასახულის მისაღწევად რა ხერხს იყენებ?

_არასაჟურნალე სიგიჟეებზე არ ვისაუბრებ_ არ მინდა, არ მინდა რომ ვთქვა და ვიღაცეებს რაღაც გავახსენო...

_ქალის გამო ჩადენილ სისულელეებს ნანობ?

_არა, თუმცა ბევრი გამიკეთებია, ეს მეხმარებოდა კიდეც.

_ერთი შენეული ხერხი, რითაც შენი გავლენის ქვეშ მოაქცევ სასურველ ქალს...

_ყველზე ტრადიციული _ უნდა უმღერო და `დაბრედილია~, ეს კლასიკური ხერხია...

_როცა ქალს შეხედავ, რა იპყრობს შენს ყურადღებას?

_სტილი, ეს მნიშვნელოვანია. ცხვირი, თვალები და სხვა ნაწილები კი არა, მთლიანად ქალი მაინტერესებს.

_ე.ი. სხეულის ნაწილებზე გართულება არ გაქვს?

_არა, საკუთარ თავს უნდა ფლობდეს _ ესაა ჩემთვის მნიშვნელოვანი.

_შენ კარგად თამაშობ საკუთარ თავს?

_ვცდილობ. რამდენადაც კარგად ვითამაშებ, იმდენად კარგი ვიქნები.

_უნიღბოდ ვისთან ხარ, ანუ ვისთან თამაშიბ ყველაზე ნაკლებს?

_ყველასთან ვთამაშობ, მათ შორის, საკუთარ თავთანაც, რათა დადებითი ზეგავლენა მოვახდინო ირგვლივმყოფებზე.

_საკუთარ თავთან თამაში ხომ ძალიან ძნელია?

_კი, მაგრამ აუცილებელია _ თუ კარგად ეთამაშები თავს, ე.ი. კარგი მსახიობი ხარ. ეს სტილია, ჰოდა, მისი შენარჩუნებაა საკუთარ თავთან თამაშიც.

_შენ მოუგონე შენს თავს თამაში?

_კი... ქანდაკებასავით ვხვეწ, სულ დახვეწაში, მოძრაობაში ვარ.

_ანუ ძერწავ შენს `მეს~?

_ნაწილობრივ. როცა მთლიანად გამოიძერწები, კვდები...

_რისი გეშინია?

_იმის, რომ ერთ დღეს თავს დავანებებ თამაშს...

_და ეს რას მოასწავებს?

_უინტერესო გახდება ყველაფერი...

_ეჭვიანი ხარ?

_არა!

_ჯიუტი?

_არა!

_რა ჩვევას ებრძვი შენში და ვერ ერევი?

_სიგარეტს ვერ ველევი.

_ალკოჰოლთან რა ურთიერთობა გაქვს?

_არ ვმეგობრობ.

_უგონოდ მთვრალს სისულელე ჩაგიდენია?

_ფხიზელი არ ჩავდივარ სისულელეს, მთვრალს ჩამიდენია, თუმცა რა, აღარ მახსენდება...

_ყველაზე მეტად რა არ გსიამოვნებს?

_ჯერჯერობით ღარიბი რომ არის ჩვენი ქვეყანა.

_რაზე ვერ ამბობ უარს?

_ყველაფერზე შემიძლია ვთქვა უარი, რაც ნაკლებმნიშვნელოვნად მიმაჩნია.

_როცა რამეს გიკრძალავდნენ...

_არასდროს მიკრძალავდნენ არაფერს!

_ბავშვობიდან რა თვისება შემოგრჩა?

_საკუთარი თავი შემომრჩა, _ კარგი ვარ.

_ვინ ან რა გესიზმრება ხშირად?

_ბავშვობა, ფერადი სიზმრები მაქვს...

_ბოლოს როდის და რატომ იტირე?

_აღარც მახსოვს, თუმცა ცრემლები მშველის _ ნეგატიურისგან ვიცლები...

_როცა ცუდ განწყობაზე ხარ, გემჩნევა?

_კი, ეს ყველას ემჩნევა. მე ვცდილობ კარგ განწყობაში გადავზარდო _ ვივარჯიშებ და გადამივლის. ამ დროს ვცდილობ ხალხს არ ვეკონტაქტო.

_ლოდინი შეგიძლია თუ სულსწრაფი ხარ?

_კი, ლოდინი იმისთვისაა საჭირო, რომ სამყარო მოვიდეს შენთან და გაგიხსნას კარი.

_შენთვის გაიხსნა ამ სამყაროს კარი?

_ნაწილობრივ!

_რას იტყვი ყველასთვის?

_სანამ ცუდი ხარ, არ გიცნობ, კარგი გახდები გაგიცნობ!

_ირაკლის გაორება ახასიათებს?

_არა!

_პირველი კოცნა გაიხსენე...

_კაი, არ გვინდა... პირადულ თემებზე საუბარი...

_უხერხულ სიტუაციას ადვილად აღწევ თავს?

_ხშირად კი... იმიტომ, რომ არსით მსუბუქი ვარ.

_იუმორის გრძნობასთან როგორ ხარ?

_ცარიელი იუმორი ვარ. თუ ვერ გაიგებენ ჩემს იუმორს, ასეთ ადამიანთან საერთო აღარ მექნება, ის ჩემთვის გადასაგდებია!

_უკარება ხარ?

_არა!

_რას ჰკითხავდი ირაკლის?

_რას აპირებ? _ ჯერჯერობით არაფერს _ ესაა ჩემი პასუხი.

_მიუხედავად ჩემი მცდელობისა, შენი ხასიათის რომელიმე შტრიხი გამოვამჟღავნო, ვხვდები, პირად ცხოვრებაზე არ გიყვარს საუბარი...

_არ მიყვარს... თუმცა მაინც გამოვლინდა ჩემი ხასიათის რამდენიმე შტრიხი.

_ამწუთას რაზე ფიქრობ, რა გაფორიაქებს?

_არაფერი, მშვიდად ვარ...

_რომელი ფერი გამშვიდებს?

_წითელი.

_შენზე ამაზრზენი ან აბსურდული ჭორი თუ გაგიგია და თუ გაღიზიანებულხარ?

_სასიმოვნოა იმ მხრივ, რომ ხალხი თუ ჭორაობს, ე.ი. ნაკლები პრობლემა აქვს, ეს ერთგვარად კეთილდღეობასაც ნიშნავს, ჰოდა, იჭორაონ. ჩემზე ისეთი რამეები გამიგია, რომ ვერც ვიტყვი, თან იმუნიტეტი მაქვს _ ბავშვობიდან გამომიმუშავდა! მამაჩემზე, ბაბუაჩემზე, ჩემზე სულ ჭორაობდნენ... მე არც ჭორაობა მიყვარს და არც მოსმენა _ დროის ფუჭი ფლანგვაა.

_დროის ფასი იცი?

_კი...

_სად ერთობი?

_ყველაზე კარგად სცენაზე! როცა ვმღერი, ანუ იმას ვაკეთებ, რაც ყველაზე კარგად გამომდის.

_რას არ გააკეთებ არასდროს?..

_არ მოვკლავ ძაღლებს...

_ყველაზე უცნაური და დასამახსოვრებელი კითხვა, რაც აქამდე უკითხავთ შენთვის...

_ასეთ რამეებს ვერ ვიმახსოვრებ...

_როგორი ქალები გაღიზიანებენ?

_უსტილო ქალები.

_რა კითხვას არ უპასუხებდი?

_რასაც ვუპასუხე _ ვუპასუხე! ვფიქრობ, საბოლოო ჯამში ინტერვიუ კარგად აეწყო...

_როდემდე?

_რა? ვიქნები ასეთი კარგი!

_არ იცი როდემდე?

_ყოველთვის!


No comments:

Post a Comment