Friday, June 4, 2010

ირაკლი ჩარკვიანი (მუსიკოსი)

ირაკლი ჩარკვიანი (მუსიკოსი): "რუს მუსიკოსებთან უკვე დიდი ხანია ურთიერთობები მაქვს. დადა დადიანი და მე მოსკოვში ჩვენი ჯგუფით ხშირად ჩავდიოდით. 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანების დასაწყისში რუსული როკი უფრო ინტენსიურად ჟღერდა. ძალიან სერიოზული ურთიერთობა მქონდა ბორის გრებენშიკოვთან, რომელსაც ლონდონში ყოფნისას რაღაც პერიოდის განმავლობაში ხშირად ვხვდებოდი და ბევრს ვსაუბრობდით რუსულ კულტურასა და როკზე. დღეს უფრო ნაკლებად მაქვს შეხება რუსულ თანამედროვე მუსიკასთან, ამ შემთხვევაში როკს ცალკე არ გამოვყოფ.

რუსულ და ქართულ როკს შორის ურთიერთგავლენა არსებობდა, მაგრამ უფრო "პერესტროიკის" დროს. მაშინ ჩვენ რაღაც საერთო სოციალური პრობლემები გაგვაჩნდა. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ რუსეთის მხრიდან ჩვენზე სერიოზული მუსიკალური გავლენა არ არსებობდა. პირიქით, ვთვლი, რომ კლასიკური ხასიათის მქონე რუსულ თანამედროვე მუსიკაში ბევრი ელემენტი სწორედ ქართულიდან მოხვდა. საერთოდ, ქართული როკი და ალტერნატივა რუსულთან შედარებით, უფრო არტისტულია. თანამედროვე მუსიკის რუსული სკოლა უფრო აკადემიური გახდა ამ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში. მიუხედავად ამისა, რუსული ჯგუფების იდეები ძირითადად დასავლური თანამედროვე კულტურიდანაა წამოღებული, ხოლო რუსულ თანამედროვე მუსიკას ორიგინალურობა თითქმის არა აქვს, რასაც ანალოგიურ ქართულ მუსიკაზე ვერ ვიტყვი.

ჩვენ უკვე გამოვიარეთ რუსული კულტურული ექსპანსია. იქითკენ მიბრუნება ბუნებრივად უკვე წარმოუდგენელია თუ რაღაც პოლიტიკური ცვლილებები არ მოხდა. როგორც შეამჩნიეთ, საქართველოში შემცირდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ცუდი ხარისხის რუსულ მუსიკას უსმენდა. რაც არ უნდა ცუდი იყოს ქართული მასობრივი მუსიკა, მაინც პოზიტიური მოვლენაა, რომ მან რუსულის ადგილი დაიკავა".

No comments:

Post a Comment