Tuesday, April 5, 2011

დედას

ვუძღვნი კეთილი ექიმი აიბოლოტის ხსოვნას

მე აქ ვარ დედა!
პოეტებო აქაურობის,
ჩემო ცოლებო,
ნუ მიმატოვებთ,
დასრულდა დოღი?
რატომ იქეცით ფილმის გმირებად
და როდის ჩართეს ამ დაბაზში სხვა
პროექტორი?
გამარჯვებაა სულისა ხორცზე,
გაზაფხულდება,
თუ ეკრანს იქით დნება თოვლი?
რატომ ვეღარ ვგრძნობ თქვენს შეხებას,
წყენას და სითბოს,
მე მხოლოდ გხედავთ
გახვეულებს ბენზინის ქარში,
ჩაცმულებს ბოლში.
არა, არ მოვკვდი!
თქვენ არ ხართ სწორი,
სწორია ცარა,
ცასავით სწორი.
მე აქ ვარ დედა,
ბავშვობაში გაგარინელი,,
არგაფრენილი,
ბროლის ჭაღივით დაკიდებული,
ჩაშტერებული ყავის ჭიქებს,
თამბაქოს კვამლს.
მე მომღიმარი,
სკაფანდრიანი ღმერთის მწამდა,
შავ-თეთრი,
პორნოგრაფიული იდუმალების.
და იმავე უჯრაში დამწყვდეული
სოლჟენიცინის.
გალოთდა,
მერე აფეთდა ჩემი ღმერთი,
მე კი ვისწავლე უფრთოდ ფრენა,
დაკიდებულმა ფეხით ჭერს,
ბროლის ჭაღივით ჩაშტერებულმა შენს
მკითხაობას
და ფერფლის ზღვას.
გამარჯვებაა სულისა ხორცზე,
გაზაფხულდება
და ეკრანს იქით დნება თოვლი.

No comments:

Post a Comment