Tuesday, April 5, 2011

* * *

გამოღვიძება უცხო ლოგინზე,
უცნობ ქალაქში,
მხურვალე სიზმრით სახედამწვარი,
ესალმები მომდევნო სიზმარს.
ერთიმეორეს ვერ ცნობენ სიტყვები,
სდუმს
ფოტოსურათთა სასამართლო,
სდუმს
ანარეკლი სარკეში,
ყველაფერი სდუმს.
გასტრონომიულ ნაკადში, ქუჩაში,
გამონაბოლქვში გაუჩინარდები;
ძიებაში საგნის, სახის,
რომელიც შეგაჩერებს,
გეტყვის, რომ დამარცხდი
და იგივე ხარ,
რაც გუშინ:
ალექსანდრიული სიტყვის კუბო,
სნეული ალეგორია, კლასიკურად უშნო,
ბედი მესაჭის-
ამპარტავანი ქარიშხალივით თვალწარმტაცია
და სიჩუმეა მისი სასჯელი.
თუ გაწებილი, ტკბილი სიჩუმე სასჯელია,
"ბრაუნინგი" ხომ მაუგლის სათამაშოა,
და შენ, ყავის ჭიქით ხელში, ვის ეჭიდები?"
კითხულობს უცხო სახე.

კომუნიკაცია სხეულთან,
გამჭირვალე თვალებს მიღმა არაფერია,
რეანიმაციული მარტოობა სველ კედელთან,
როცა უსასრულო სიზმარია სველი სარკე,
-შენი სიკვდილი.
-"თვალს ნუ გაახელ,
აქოთებული ხალხი ეხვევა ექიმს!"
-"ვის ელაპარაკები?"
კითხულობს უცხო სახე,
"დედას". პასუხობს გამოღვიძებული.

No comments:

Post a Comment