Tuesday, March 29, 2011

დრო

რეაქტიული მარტოობა,
დაძაბული,
გამოუთქმელი შიში შეხების,
საგნებთან,
საყვარელთან,
გაქრა.
რომანტიული ბილიკის,
რითმის ბოლოა,
შელამაზების,
ვაზისყურა ქალიშვილების
ირმისთვალური სევდა
გაქრა.
სოც-რომანტიზმის
ცისფერთვალება ლმობიერება
გაქრა.
ვარდს გაეფურჩქნა
ატომური სოკო,
რკინაბეტონის ჯუნგლებში
დაკაცდა მაუგლი,
პარაბელუმით ხელში.
დადგა დრო,
გამოთხოვებისა ტყესთან,
დრო უბრალო, მართალ ფერთა ხელჩაკიდების,
დრო წითლად ხატვის,
წითელ ქაღალდზე,
მაშინებელი,
დაუნდობელი,
როგორც ყოველი მართალი,
დრო.

No comments:

Post a Comment