Monday, March 28, 2011

აქ, მუხათწყაროში

მუხათწყარო ტლანქად ნაშენები კედლები მშვიდი ცის ფონზე... ქვემოთ _ მიწაა, რომელიც არ ჩანს. წინ _ ქეთათო აპარატით... ისიც არ ჩანს. სამაგიეროდ, ფოტოზე კარგად ჩანს ორი ადამიანი _ მამა_შვილი _ ირაკლი და ნანა ჩარკვიანები.

მუხათწყაროში ძალიან კარგად იყვნენ. პატარა ნანა დილით ხან 5 საათზე იღვიძებდა, ხან 6_ზე. ჯერ დედიკოს გოგო იყო. ორი საათის განმავლობაში დედა უვლიდა, აჭმევდა ...... მომდევნო ორი საათი მამიკოს გოგო ხდებოდა _ ირაკლი ეთამაშებოდა, ის ზრუნავდა. მერე ისევ დედიკოსი გახდებოდა, მერე_ მამიკოსი...
რა გვარი ხარო, - ეკითხებოდნენ ნანას. ისისც სერიოზულად პასუხობდა, - ნანინიო. - ნანინი კი არა, ჩარკვიანი! - უსწორებდა მამა.
სწორედ აქ, მუხათწყაროში დაიწყო ირაკლიმ გაქვავებული მიწის ბარვა. ოთხი საათი შეუცერებლად ებრძოდა მიწას. ქეთათო შორიახლოდან შიშით უყურებდა. ირაკლი კი არ ჩერდებოდა. აქ ყვავილები უნდა დავრგოო, _ ამბობდა ჯიუტად.
_გაოგნებული ვიყავი! _ იტყვის ამ ამბიდან რამდენიმე წლის შემდეგ ქეთათო და ძალიან დამწყდება გული, რომ მაშინ არ აიღო ქეთათომ აპარატი და ბარვის დროს არ გადაიღო ირაკლი ჩარკვიანი.
პატარა ხის სახლის მეორე სართულზე, საძინებელში დედა_შვილი იწვა. მამას ქვემოთ ეძინა, მაგრამ რაკი სახლი პატარა იყო და ხის, ხომ შეიძლებოდა, გაეგონა ქეთათოს ძახილი:
_ირაკლი! ირაკლი! არ ესმოდა. მაშინ ნანამ დაიძახა ომახიანად, _მეფე! _ და უცებ გააგონა მამას. სიცილით ამოვიდა ირაკლი შვილთან.
" იცით, სიტყვა ბევრად უფრო პირველია, ვიდრე ყველაფერი სხავ ამქვეყნად და ამიტომ, მოდით, ვიჩურჩულოთ ისე, რომ მედიამ ყურიც ვერ მოჰკრას ჩვენს საუბარს" , _ ეს ირაკლია, რომელიც თავის მეფობაზე ხმამაღლა ლაპარაკობდა მედიასთან და სიჩუმეში ჩურჩულით უყვებოდა შვილს, როგორ გრძნობდა ხელისგულებით მიწას _ მუხათყაროს დიდი ვაებით დაბარულ მიწას...

ლელა ჯიყაშვილი "კვირის პალიტრა" 2008

No comments:

Post a Comment