Tuesday, April 5, 2011

ირაკლი მეფე ჩარკვიანი

Apr 5, 2011

დედას

ვუძღვნი კეთილი ექიმი აიბოლოტის ხსოვნას

მე აქ ვარ დედა!
პოეტებო აქაურობის,
ჩემო ცოლებო,
ნუ მიმატოვებთ,
დასრულდა დოღი?
რატომ იქეცით ფილმის გმირებად
და როდის ჩართეს ამ დაბაზში სხვა
პროექტორი?
გამარჯვებაა სულისა ხორცზე,
გაზაფხულდება,
თუ ეკრანს იქით დნება თოვლი?
რატომ ვეღარ ვგრძნობ თქვენს შეხებას,
წყენას და სითბოს,
მე მხოლოდ გხედავთ
გახვეულებს ბენზინის ქარში,
ჩაცმულებს ბოლში.
არა, არ მოვკვდი!
თქვენ არ ხართ სწორი,
სწორია ცარა,
ცასავით სწორი.
მე აქ ვარ დედა,
ბავშვობაში გაგარინელი,,
არგაფრენილი,
ბროლის ჭაღივით დაკიდებული,
ჩაშტერებული ყავის ჭიქებს,
თამბაქოს კვამლს.
მე მომღიმარი,
სკაფანდრიანი ღმერთის მწამდა,
შავ-თეთრი,
პორნოგრაფიული იდუმალების.
და იმავე უჯრაში დამწყვდეული
სოლჟენიცინის.
გალოთდა,
მერე აფეთდა ჩემი ღმერთი,
მე კი ვისწავლე უფრთოდ ფრენა,
დაკიდებულმა ფეხით ჭერს,
ბროლის ჭაღივით ჩაშტერებულმა შენს
მკითხაობას
და ფერფლის ზღვას.
გამარჯვებაა სულისა ხორცზე,
გაზაფხულდება
და ეკრანს იქით დნება თოვლი.

მოლოდინი

ნაცრისფერ ქუჩას,
მტვრიან მანქანებს, ბოლო არ უჩანს,
მზე არ ანათებს.
ბრაზიან მძღოლებს,
გრძნობათა ბრძოლებს,
დახატულ მთვარეს,
უაზრო თვალებს,
დაღლილ ბაგეებს
მე გავუღიმე.
ნისლისფერ იასთან,
ცისფერ მდელოზე,
ეკლესიასთან,
გუშინ გელოდე.
შენ არ მოხვედი,
მე არ მწყენია,
ყველა თავისთვის,
ალბათ ბრძენია.
ნუთუ ავისთვის
ვხარჯო გენია,
და შენ ამოსვლას მე გავუღიმე.

* * *

"შენ იდეალურ მეგობარს ეძებ,
სატელიტური ანტენიტ თავზე,
ან გულღვიძლის სანტექნიკოსს,
შენც ხომ ხორცის მანქანა ხარ,
იყრი, უშვებ,
უშინაარსოდ უშნოდ.
რაში გჭირდება ქალი,
რომელსაც უყვარხარ?!"
(ტირის, აქრობს სიგარეტს და სცენიდან გადის.)

* * *

შეჩერდი.
სამყაროს ანარქიას მოგლეჯილ,
კუნძულზე მოკალათდით სათვალთვალოდ,
სულის სანატორიუმში სიმყუდროვეა,
როცა შვილი ბაღიდან მოყავთ
და ერთად ვახშმობთ ყველა.
დაღლილი რობიზონ კრუზო ხარ,
მიჩერებული ზღვას ტელევიზორში,
რკინაბეტონის აკვანში დარწეული,
ბინადარი 001_ი ბინის,
ჭამ, სვამ.
ღამე სამზარეულოებით კრთის,
კვლავ ვარსკვლავების აბსურდის გწამს.
გწამს, რომ რატომღაც დაიბადეთ
შენ და სატურნი

* * *

გამოღვიძება უცხო ლოგინზე,
უცნობ ქალაქში,
მხურვალე სიზმრით სახედამწვარი,
ესალმები მომდევნო სიზმარს.
ერთიმეორეს ვერ ცნობენ სიტყვები,
სდუმს
ფოტოსურათთა სასამართლო,
სდუმს
ანარეკლი სარკეში,
ყველაფერი სდუმს.
გასტრონომიულ ნაკადში, ქუჩაში,
გამონაბოლქვში გაუჩინარდები;
ძიებაში საგნის, სახის,
რომელიც შეგაჩერებს,
გეტყვის, რომ დამარცხდი
და იგივე ხარ,
რაც გუშინ:
ალექსანდრიული სიტყვის კუბო,
სნეული ალეგორია, კლასიკურად უშნო,
ბედი მესაჭის-
ამპარტავანი ქარიშხალივით თვალწარმტაცია
და სიჩუმეა მისი სასჯელი.
თუ გაწებილი, ტკბილი სიჩუმე სასჯელია,
"ბრაუნინგი" ხომ მაუგლის სათამაშოა,
და შენ, ყავის ჭიქით ხელში, ვის ეჭიდები?"
კითხულობს უცხო სახე.

კომუნიკაცია სხეულთან,
გამჭირვალე თვალებს მიღმა არაფერია,
რეანიმაციული მარტოობა სველ კედელთან,
როცა უსასრულო სიზმარია სველი სარკე,
-შენი სიკვდილი.
-"თვალს ნუ გაახელ,
აქოთებული ხალხი ეხვევა ექიმს!"
-"ვის ელაპარაკები?"
კითხულობს უცხო სახე,
"დედას". პასუხობს გამოღვიძებული.

* * *

თავშესაფარი ბრძოლაშია,
"მე ვარ შენი ცოლი"
ამბობს უცხო სახე.
სამარისებულ, ჩუმ მხურვალებაში
იწვის ლოგინი,
გახუნებული სახე იწყებს ტირილს,
იცვლება,
მაინც არავის გაგონებს.
"შენ ხარ ჩემი..."
საბრალო, თავისუფალ საგანთა ზღვა,
უპატრონო ფორმათა ოკეანეა დღე
და გადაცურვა მისი, ბარგით ბეჭებზე,
სიზიფის სისულელეა.

Sunday, April 3, 2011

გამოღვიძება

გამოღვიძება გამონაბოლქვივით ყარს,
როგორც სიცხე და ფარდები,
ჩემ გვერდით სძინავს უცხო სახეს,
"ვინ ხარ შენ"?
თვალებს ახელს,
"მე ის ვარ, ვისაც ხედავ"
ამბობს ჩუმად.
ზონდირება წარსულში,
უაზრო ძიება სახელის, სახის,
ხავსს ჩაჭიდება,
ბღუჯა ბალახის მისაკუთრება თუ შეგაჩერებს.
იდეალური სიხარულის სურვილს
ჩარჩოს უპოვნი,
ლურსმანზე ჩამოახრჩობ სურათს.
ფრენის სიხარულს
მძიმე საკუთრებად აქცევს,
კედელზე ჯვარცმული "გუშინ".

გვარდია

ჩვენ ვართ გვარდია,
ჩვენ ვიცავთ ყოველ მეტრს,
ჩვენ ვართ გვარდია,
ჩვენ არ მოვითმენთ მეტს,
ჩვენ ვართ გვარდია,
ჩვენ არ მოვუშვებთ მტერს.
ჩვენ ვართ გვარდია,
ჩვენ გამოვისხამთ ფრთებს,
ჩვენ ვართ გვარდია,
ჩვენ გადავივლით მთებს.
გვარდიელია, ვინც სამშობლოს იცავს,
გვარდიელია, ვინც დარაჯობს მიწას
გვარდიელია, ვინც სიცოცხლის ზღვარზე დგას.

ვიცი რომ

ვიცი რომ, გახსოვს კვლავ,
ჩვენი დრო, ჩემი ხმა,
ფიქრებში ყოვეთვის
შენთან ვარ, შენი ვარ.

ისევ ისე გარბის დრო,
არ გვანებებს თავს,
გაუმაძღარ სიყვარულს
ეს ცხოვრება გავს.

ვიცი ისევ დავთვრები,
გაგიწყალებ გულს,
ამ სიმღერას გავყიდი
და დაგახარჯავ ფულს.

ყველაფერი ჩაივლის,
არ შევეგუოთ ბედს,
ანგელოზი გვაჩუქებს
ფაიფურის ფრთებს.

მე ასეთი დავრჩები,
თუ გამიძლებს დრო,
იოლად მისაჩვევი,
როგორც თამბაქო.

დღეს კი შენ, მოგწონს კვლავ
ეს ძველი სიმღერა,
მუ ღელავ, გრძნობები
შენია სუყველა.

სიტყვები ხანდახან
სათქმელს ვერ ამბობენ,
მე წავალ, ჩემს შემდეგ
სინათლეს დავტოვებ.

მე მინდა შენთან

მე მინდა იცოდე, ჩემი სიტყვები,
მე მინდა გესმოდეს, ჩემი სიმღერა,
მე მინდა გახსოვდეს, მინდა გახსოვდეს,
რომ მე მინდა შენთან.
ვიცი არ გიყვარს ცივი სამოთხე
და ამბობ სიტყვებს, რომელიც მწვავს,
გახარებს სიჩუმე, სიცილზე მეტად,
შენი ვარ იცოდე, მე მინდა შენთან.
სიტყვები არაფერს აღარ ამბობენ,
სიმღერაც მალე დარჩება სხვებთან,
მაგრამ მე იგივეს, იგივეს გიმღერებ,
მე, მინდა შენთან, მე, მინდა შენთან.

ქაღალდის გემი

მინდა ისევ შენთან ვიყო,
ისევ შენი ღიმილი მკლავს,
უშენობა არ მასვენებს,
ვიცი უნდა ვუშველო თავს.
ვეღარსად ვერ გაგექცევი,
ომიც შენთან ლაპარაკს ჰგავს.
ვიცი ისევ დავბრუნდები წამოვყვები ქაღალდის
ნავს.
ყველაფერი შეიცვალა,
სიყვარული სევდაში თვლემს,
აღარავინ აღარ მიცნობს,
აღარავინ იხსენებს ძველს,
ვიცი ახლა სხვას უცინ
ემალები სიყვარულს ჩემს,
მაგრამ მაინც შენთან მოვალ,
წამოვყვები ქაღალდის გემს,
ქაღალდის გემს.
მე, გადმოვცურავ ზღვას,
ნუ დაუჯერებ სხვას,
რომ მე არ მოვალ,
მე შენთან მოვალ,
დავბრუნდები,
მე შენთან მოვალ,
დავბრუნდები.

ჰგავდე სხავს

პოლიტიკურად მშვიდი
სექსუალურად მხნე
ვუმღერი ყველა გამვლელს
ჰეი,მომისმინე მე.
არც სიყვარული მათრობს,
არც სიძულვილი მკლავს,
ხომ ხედავ თეთრად ათოვს
ჩემ გადახოტრილ თავს.
მე ვეღარ მხედავს სარკე,
მე ვერ ვუყურებ სისხლს.
მე არ ვაგროვებ მარკებს,
და აღარ მჯერა სხვის.
მოუთოკავი გრძნობის
და სიგარეტის მწამს,
მე ფურცელი ვარ ცნობის
და აღარ ვკარგავ წამს,
ჯერ არ ნახული განცდით
და არგანვლილი გზით,
მე ყველა საზგვარს გავცდი,
რომელიც თავში ზის,
მე რეაქციას ვიწვევ
და რეაქცია მშობს,
მე ახალ ტალღას ვიწყებ,
რომ გაგიტანო შორს,
ნუ გადაირბენ ქუჩას
მე დაგანახებ გზას.
თუ არ მომიშვერ ტუჩებს
არ დაგირტყამ ზასს,
დაგალევინებ პივას,
დაგავევინებ კვასს,
მე არ აგიწევ კაბას,
არ დაგიდებ კლასს,
რაც შეეხება ყველას,
ის შეეხება ფულს,
ხალხი ისევ ღელავს
და ანრქია სურს,
მე ისევ მარტო ვდაგვარ
და ვეღარაფერს ვთმობ,
რადგან ეს გმირი მე ვარ
და დადგა ჩემი დრო,
მე ერთი მინდა გითხრა
და მერე იცი რა,
სანამ არ გაიღიმებ
არ გაგიღიმებს სხვა,
არ გაანათებს მთვარე,
არ გათენდება დღე,
თუ შენ არ დამეხმარე,
არ დაიძრება ტყე,
მე ოპტიმიზმით სავსე ვარ
და არ მოვიკლავ თავს,
მე სულ ყოველთვის ასე ვარ
და მეგობრები მყვას,
მიყურე როგორ დავდივარ
ხან იქა ვარ, ხან აქ,
მე ვცხოვრობ შენზე მარტივად
და მეტი ფული მაქვს,
რაკეტა უნდა გიყიდო,
გადაგაფრინო ზღვას,
გამოდი შენი ციხიდან,
რომ აღარ ჰგავდე სხავს,
ჰგავდე სხვას, ჰგავდე სხვას.